საზოგადოება

საქართველოს ინდუსტრიული რუკა და ინდუსტრიული მრეწველობის ეკონომიკა

22.07.16 14:45


საქართველოს გეოგრაფიულ რუკაზე შესაძლოა რამდენიმე ინდუსტრიული ტიპის ქალაქის თუ რეგიონის მონიშვნა, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის მმართველობითი სისტემის პირობებში წარმოიქმნა და განვითარდა. თუმცა, სანამ ამ ადგილების ჩამოთვლაზე გადავიდოდე, საინტერესოა თუ რა საერთო ნიშან-თვისებები აქვთ ინდუსტრიულ ზონებს, რაც შემდგომ მათ მსგავს სოციო-სტრუქტურულ ფორმას და ინდუსტრიული წარმოების სპეციფიკას განაპირობებს.

დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, ცნობილი ბრიტანელი ეკონომისტი ალფრედ მარშალი შეეცადა, ინდუსტრიული ზონების სპეციფიკა განესაზღვრა (Marshall 1919).

მისი განმარტების თანახმად, ინდუსტრიული ზონების წარმოქმნისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ერთ, მჭიდრო ლოკაციაზე თავმოყრილი სხვადასხვა წარმოების საშუალებები – წიაღისეული, ნედლეული, ადამიანური შრომის რესურსი და სხვადასხვა სერვისი, რაც ამცირებს წარმოების პროცესის ხარჯვით ნაწილს ტრანსპორტირება-გადაადგილებაზე, განაპირობებს მის მაღალ პროდუქტიულობას და ხელს უწყობს ინდუსტრიული წარმოების ეფექტიანობას. კიდევ ერთი მახასიათებელი ინდუსტრიული ზონებისა, მარშალის ცნობილი მოსაზრების თანახმად, არის “ინდუსტრიული ატმოსფერო”, რომელიც განპირობებულია ადგილობრივი სოციუმის მჭიდრო სოციალური თუ ეკონომიკური კავშირით წარმოების პროცესთან, რაც უზრუნველყოფს ინდუსტრიული ზონის და წარმოებების პროცესის სტაბილურობას, კადრების მიმოცვლის სიმცირისა და ადამიანთა დაბალი მობილობის ხარჯზე.

შედარებით უფრო თანამედროვე განსაზღვრება ინდუსტრიულ ზონებთან დაკავშირებით მარშალის ნააზრევის გაგრძელებაა. მაგალითისთვის, ბეკატინი განმარტავს (Becattini 1990, გვ: 38), რომ ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს სოციო-ტერიტორიულ ერთეულს, სადაც ლოკალური მოსახლეობა ინტენსიურად არის ჩართული ინდუსტრიული წარმოების პროცესში და ეს ჩართულობა თაობიდან თაობაზე ვრცელდება.

ისეთი მკვლევრებიც კი, რომლებიც არ მოიაზრებიან მარშალიანური ტრადიციის გამგრძელებლად, მისი მოსაზრებიდან ძალიან შორსაც ვერ მიდიან. დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, მიუხედავად თანამედროვე გლობალიზაციისა, ინდუსტრიული ზონები დღემდე წარმოშობენ ადამიანთა მძლავრ კავშირებს და მიჯაჭვულობას წარმოების პროცესთან, რაც საწარმოო სისტემის მყარ სტრუქტურას ქმნის და ადგილობრივი სოციუმის სპეციფიკურ სოციო-კულტურულ განზომილებას აყალიბებს (Sheppard & Barnes 2000, გვ: 168-170).

შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ ისეთ რეგიონებში, როგორიცაა კაზრეთი, ჭიათურა, ტყიბული, სახეზე გვაქვს კლასიკური ტიპის ინდუსტრიული ზონები, სადაც რესურსების ალოკაცია და სივრცითი მოწყობა ინდუსტრიული ზონის კლასიკურ, მარშალიანურ მოდელს იმეორებს. მეტიც, ამ რეგიონების სოციო-სტრუქტურული განვითარება და აღნიშნულ ტერიტორიებზე ადამიანთა ფართო მასების მობილიზება სწორედაც რომ მრეწველობის პროცესის განვითარების კვალდაკვალ მოხდა (ზაზანაშვილი, კალანდარიშვილი 2015).

შედარებით განსხვავებული სურათი გვაქვს ქალაქ ზესტაფონის ინდუსტრიული ზონის შემთხვევაში. ამ ქალაქში ლოკალიზებული ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ინდუსტრიული წარმოების ერთ-ერთ ყველაზე დიდი ქარხანაა, არ ესადაგება შედარებით უფრო მარტივ მარშალიანურ მოდელს, არამედ წარმოადგენს საკვანძო სამრეწველო რეგიონს, რომელიც ქმნის ინდუსტრიული ზონის ე.წ საკვანძო-ცირკულარულ მოდელს (Markusen 1996, გვ: 293-313).

საკვანძო-ცირკულარული ინდუსტრიული ზონის მოდელი მარშალიანური მოდელისგან იმით განსხვავდება, რომ აქ ერთი გიგანტი საწარმო წარმოდგენილია ერთ კონკრეტულ სივრცეში, რომელიც სხვა, მის ირგვლივ არსებული ინდუსტრიული საწარმოებიდან თუ ფირმებიდან ახდენს სხვადასხვა საწარმოო რესურსების ალოკაციას, წარმოების პროცესის თავმოყრას და მაღალი სარეალიზაციო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოებას. მსგავსი ტიპის საწარმოო რეგიონი, საკვანძო-ცირკულარული მოდელის თანახმად, ეწევა სხვა, მასზე დამოკიდებული ინდუსტრიული რეგიონების წარმოება-რეალიზაციის დაქვემდებარებას, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, სხვა ინდუსტრიული რეგიონების რეალიზაცია და, შედეგად, ფინანსური რესურსების აკუმულაცია პირდაპირ მიბმულია აღნიშნული საკვანძო ერთეულის წარმოების პროცესთან.

იმის მტკიცება, რომ ზესტაფონი წარმოადგენს საკვანძო წერტილს, არც ისე რთული საქმეა. ამას ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ინდუსტრიული წარმოება და მისი გეოგრაფიული მდებარეობაც ადასტურებს, რომლის წარმოების პროცესშიც, რესურსების, სამეწარმეო საშუალებების და სერვისების მობილიზება მის ირგვლივ განაწილებული მცირე ინდუსტრიულ-სამეწარმეო სივრცეებიდან ხდება. კერძოდ, ზესტაფონის მეტალურგიული წარმოება თავს უყრის შემდეგ ინდუსტრიულ საწარმოებსა თუ სერვისებს:

1. „ვარციხე ჰესში“ გამომუშავებული ელექტროენერგია;

2. ჭიათურის მაღაროებზე მოპოვებული მანგანუმშემცველი შენადნობი;

3. ტყიბულის მაღაროებზე მოპოვებული ქვანახშირი;

4. აჯამეთის კირის კარიერებზე მოპოვებული და დამუშავებული კირქვა, რომელიც წარმოების პროცესში კირის რძის დასამზადებლად და სადნობი ქვაბების მოსაკირად გამოიყენება;

5. ზესტაფონის რკინიგზის სადგურის სერვისი, რომლითაც ხდება დამზადებული პროდუქციის გადატანა ფოთის ინდუსტრიულ პორტში, სხვა ქვეყნებში სარეალიზაციოდ.

მოცემული მცირე ინდუსტრიული საწარმოებიდან, ფეროს ქარხნის წარმოების პროცესში ორი უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი, კერძოდ, ელექტროენერგიის გამომმუშავებელი ვარციხე ჰესი და ჭიათურის მანგანუმი, ზესტაფონის ფეროს ქარხანასთან ერთად, 2006 წლიდან მოყოლებული – დღემდე, ერთი კონკრეტული მესაკუთრის ხელშია. ვარციხე-ჭიათურა-ზესტაფონის სამკუთხედის მფლობელი შპს „ჯორჯიან მანგანეზია“, რომელმაც აღნიშნული საწარმოები სახელმწიფოსგან და წილის მფლობელი სხვადასხვა მესაკუთრისგან ათეულობით მილიონ დოლარად შეისყიდა.

შესაბამისად, ერთი ქოლგა საწარმოს ქვეშ თავმოყრილი ეს სამი ინდუსტრიული ერთეული და აქ მცხოვრები თუ ინდუსტრიულ წარმოებაში ჩართული ადამიანები ერთი მესაკუთრის მიერ გატარებული შრომის პოლიტიკის ქვეშ არიან მოქცეულნი.

აღსანიშნავია, რომ საკვანძო-ცირკულარული ინდუსტრიული ზონის სქემა საგრძნობლად ამცირებს ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის საწარმოო დანახარჯებს.

• რას არის საწარმოო დანახარჯი?

საწარმოო დანახარჯი არის თითო ერთეული პროდუქციის დამზადების პროცესში გაწეული ხარჯებისერთობლიობა.

• რა შედის წარმოების პროცესში გაწეული ხარჯების ერთობლიობაში?

წარმოების პროცესში გაწეული ხარჯები შედგება წარმოების პროცესში საჭირო მატერიალური რესურსების (ნედლი მასალა, მანქანა-დანადგარები, ელექტროენერგია, ტრანსპორტირების ხარჯი) და ადამიანური შრომის ანაზღაურების ხარჯის ჯამისაგან.

მაიკლ ბურავოი ინდუსტრიულ შრომასთან დაკავშირებით წერს (Burawoy 1979), რომ შრომის პროცესი არის იმ აქტივობების სიმრავლე, რომელიც საწარმოო დანადგარების დახმარებით, ნედლ მასალას სარეალიზაციო პროდუქციად ან პროდუქციებად გარდაქმნის. ეს პროცესი მოიცავს (1) ადამიანური შრომის, (2) საწარმოო დანახარჯების, (3) პოტენციური საქმის რეალურ საქმიანობად გარდაქმნის და (4) შრომის ძალის რეალურ შრომად ტრანსფორმირების ციკლს. შედეგად იქმნება გარკვეული ტიპის პროდუქცია, რომელსაც აქვს თვითღირებულება, ხოლო ბაზარზე გატანის შემდეგ მას საბაზრო ღირებულება ენიჭება. საწარმოს მოგება კი, რომელიც თითო ერთეულ პროდუქტზე საბაზრო ღირებულებისა და ამ პროდუქტის დამზადებაზე გაწეული საწარმოო დანახარჯების სხვაობით იზომება, წარმოადგენს საწარმოს მფლობელისთვის წარმოების პროცესის ეფექტიანობის გაზომვისა და უფრო მეტი კაპიტალის აკუმულირების წინაპირობას. შესაბამისად, საწარმოს მფლობელის, იგივე – კაპიტალისტის (ის ვინც ფლობს კაპიტალს და იყენებს ამ კაპიტალს უფრო მეტი კაპიტალის დასაგროვებლად) უპირველეს მოტივს წარმოადგენს რაც შეიძლება მაღალი მოგების მიღება, რაც შეიძლება ნაკლები საწარმოო დანახარჯების ფასად.

ზესტაფონის ფეროს და მის ირგვლივ შემოკრებილი საწარმოების შემთხვევაში, წარმოების დანახარჯის ყველაზე დიდი წილი ადამიანური შრომითი რესურსის ანაზღაურებაზე მოდის, რადგან სხვა მატერიალური წარმოების საშუალებები (მანგანუმის შენადნობი, ელექტროენერგია, მანქანა-დანადგარები, ტრანსპორტირება) ამავე ფირმის მფლობელობაშია თავმოყრილი. შესაბამისად, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ წარმოების დანახარჯების დაზოგვას სწორედ ადამიანური შრომის ანაზღაურების ეკონომიის ხარჯზე ეწევა. რაც უფრო დიდია აცდენა დასაქმებულების მიერ რეალურად გაწეულ შრომასა და ამ შრომის ანაზღაურებას შორის, მით უფრო ნაკლები საწარმოო დანახარჯის მატარებელი ხდება სარეალიზაციო პროდუქცია და მით მეტი მოგება მოაქვს მას კაპიტალისტისთვის. ამას ემატება საწარმოში მძიმე შრომითი პირობების ხარჯზე გაწეული ეკონომია და წარმოების დანახარჯების დაზოგვა ისეთი პროცედურების არაღსრულებით ან გაჭიანურებით, როგორიცაა სახანძრო და სავენტილაციო სისტემების მოწესრიგება, მოძველებული საწარმოო შენობების რეკონსტრუქცია, საწარმოო პროცესის და მანქანა-დანადგარების მოდერნიზაცია და ა.შ.

ბურავოი აღნიშნავს, რომ ამ ტიპის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობა კაპიტალისტსა და მშრომელთა შორის, სადაც საწარმოო მატერიალური რესურსების, წარმოების პროცესის კონტროლის, წარმოებული პროდუქციის რეალიზების და რეალიზებული პროდუქციის შედეგად მიღებული ფინანსური რესურსების თავმოყრა ერთი კონკრეტული ფირმის, მეწარმისა თუ კაპიტალისტის ხელში ხდება, დგას ექსპლუატაციაზე და ექსპლუატაციური პრაქტიკების ერთობლიობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ შრომის პროცესში ჩართული ადამიანების ჯგუფი არაადეკვატურად დაბალი ანაზღაურების, ძალაუფლების ასიმეტრიის, არჩევანის შეზღუდულობისა და ინდუსტრიულ შრომაზე მიჯაჭვულობის გამო, წარმოადგენენ მშრომელთა ექსპლუატირებულ ჯგუფს.

გარდა შრომითი ექსპლუატაციისა, ძალაუფლების და რესურსებზე წვდომის ამდაგვარი ასიმეტრია, სადაც ინდუსტრიულ რეგიონში არსებული ძირითადი ფინანსური კაპიტალი ერთი კერძო მესაკუთრის ხელშია თავმოყრილი და მისი რედისტრიბუცია ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე მხოლოდ ამ მესაკუთრის გავლით არის შესაძლებელი, ასევე ქმნის ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური კონტროლის განსაკუთრებით მაღალ წინაპირობას.

თუ ქალაქ ზესტაფონში, სადაც დაახლოებით 24 000 მოსახლე ცხოვრობს, ოჯახების საშუალო რაოდენობად 4 წევრს ავიღებთ, საშუალოდ 6000 ოჯახს მივიღებთ. იმის გათვალისწინებით, რომ ფეროშენადნობთა ქარხანაში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, გამოვა რომ ამ 6000 ოჯახიდან ყოველი მესამის ერთი წევრი მაინც არის დასაქმებული ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში, სადაც საშუალო თვიური ანაზღაურება დაახლოებით 600 ლარამდეა დაწესებული.

შესაბამისად, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც იმერეთში სამი სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიული საწარმოს მესაკუთრეა, ამ რეგიონში შექმნილი თუ წარმოებული ფინანსური დოვლათის ერთადერთ განმკარგავს წარმოადგენს. ის თვითონვე განსაზღვრავს შრომისა და ანაზღაურების პოლიტიკის კლიმატს. იმერეთის რეგიონი და ამ რეგიონის მცხოვრებნი სრულად ხდებიან დამოკიდებულნი შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გატარებულ ფინანსური რესურსების რედისტრიბუციის, შრომის ანაზღაურების, შრომის ორგანიზებისა და კონტროლის სქემაზე, რითაც კომპანია ეწევა მთელი რეგიონის და ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ კონტროლს.

აღსანიშნავია, რომ კაპიტალისტისა და მშრომელის ურთიერთობის დაბალანსებაში, სოციალური და ეკონომიკური კონტროლის, შრომითი ექსპლუატაციის, ფინანსურ დოვლათზე მონოპოლიისა და ძალაუფლების ასიმეტრიის დარეგულირებაში, ცენტრალური როლი სახელმწიფომ უნდა შეასრულოს, როგორც სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტმა და ერთგვარმა გარანტორმა. პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც სახელმწიფოს ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან დემოკრატიული არჩევნების გზით აქვს დელეგირებული, მას რეგულირებითი ფუნქციის შესრულების პასუხისმგებლობას აკისრებს: მოქალაქეების დაცვას უფლებების შელახვის ისეთი ფორმებისაგან, როგორიცაა ჩაგვრის, ექსპლუატაციის, დომინაციის, დისკრიმინაციისა თუ კონტროლის პრაქტიკები.

ინდუსტრიულ ზონებში მცხოვრებ ადამიანთა შემთხვევაში, სახელმწიფოს როლი და მის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის ვალდებულების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ინდუსტრიული ზონის სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან აქ განსაკუთრებით მაღალია ადგილობრივების მიჯაჭვულობა ინდუსტრიულ წარმოებაზე, მინიმალიზირებულია დასაქმებისა და დოვლათის წარმოების სხვა ალტერნატივები; გარდა ინდუსტრიული მრეწველობისა, მცირეა ინდუსტრიაში დასაქმებული მუშახელის გადინება და არსებობს წარმოების სტაბილურობის მაღალი გარანტიები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური კონტროლის ალბათობას განსაკუთრებით ზრდის.

თუმცა, ამის მიუხედავად, დღესდღეობით, სახელმწიფო არ იღებს საკუთარ თავზე ამ როლის შესრულების პასუხისმგებლობას. მის მიერ გატარებულმა ნეოლიბერალურმა პოლიტიკამ, – რაც გულისხმობს სახელმწიფოს როლის მინიმალიზაციას და „ჩაურევლობის“ პოლიტიკას, ბაზრის დერეგულაციას, ინვესტორებისა და კერძო მესაკუთრეებისთვის სასათბურე პირობების შექმნას, – მომგებიან პოზიციაში ჩააყენა კაპიტალისტური და საწარმოო რესურსების მქონე, ბაზარზე დამკვიდრებული დომინანტი მეწარმეები. ამას ადასტურებს ანტიმონოპოლური კანონმდებლობის გაუქმება და მისი ჩანაცვლება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონით; ამავეზე მეტყველებს: 1999 წელს დადგენილი და მას შემდეგ გადაუხედავი მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ კანონი, რომელიც მინიმალური ანაზღაურების ზღვრად 20 ლარს ადგენს, არაეფექტური შრომის ინსპექცია და მის მიერ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამოსწორების და აღსრულების არარსებული მექანიზმები და სხვა. აღნიშნული სახელმწიფო მიდგომა ინდუსტრიულ ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო პოლიტიკით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კონტროლისა და უფლებაშემლახავი პრაქტიკებისგან ვერ იცავს.

შედეგად ვიღებთ ისეთ „ინდუსტრიულ ატმოსფეროს“, სადაც ინდუსტრიულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა განწირულია აუტანელი შრომითი პირობებისთვის, მძიმე სოციო-ეკონომიკური ფონისთვის, არაადეკვატურად დაბალი ანაზღაურებისა და საწარმოო-შრომით ურთიერთობებზე მიჯაჭვულობისთვის, რასაც სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:

• კერძო მეწარმის მიერ ინდუსტრიული ზონების სოციო-სივრცითი თუ ტერიტორიული სპეციფიკის ბოროტად გამოყენება;

• წარმოების, რეალიზების და მოგების აკუმულირების კაპიტალისტური სქემა;

• სახელმწიფოს ნეოლიბერალური პოლიტიკა.

ამ ყველაფერს ასევე ემატება ინდუსტრიული დასაქმების ადგილებზე წარმოებული ინდუსტრიული შრომისთვის სახასიათო პრაქტიკები, რომლის თაობაზეც მომდევნო სტატიაში უფრო დეტალურად ვისაუბრებ.

სტატიის შემდეგ ციკლში შევეცდები, აღვწერო ინდუსტრიული შრომის კონტროლის, ორგანიზებისა და სტრუქტურიზაციის ის სპეციფიკა, რომელიც ინდუსტრიული მშრომელის ერთგვაროვან, ჰომოგენურ სახე-ხატს ქმნის, აყალიბებს მის ცნობიერებას და რეპროდუცირებს გარკვეულ სოციო-კულტურულ თუ ღირებულებით სქემებს, რომელიც, საბოლოოდ, ინდუსტრიულ რეგიონებში დასახლებულ ადამიანთა სოციუმის სუბორდინირებულობის და პოლიტიკური ველიდან გათიშულობის განმაპირობებელი ფაქტორი ხდება.

——————————————————–
ზაზანაშვილი, ნინო. კალანდარიშვილი, ლევან. 2015. საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობა – ჭიათურა-ზესტაფონი-ფოთის ინდუსტრიული წრედი. თბილისი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
Becattini, Giacomo. 1990. The Marshallian industrial district as a socioeconomic notion, from Industrial Districts: A New Approach to Industrial Change. Pp. 18 – 32
Burawoy, Michael. 1979. Manufacturing Consent: Changes in the labor process under monopoly capitalism. Chicago and London: The University of Chicago Press.
Markusen, Ann. 1996. Sticky Places in Slippery Space: A Typology of Industrial Districts in Economic Geography, Vol. 72, No. 3. pp. 293-313
Marshall, Alfred. 1919. Industry and Trade. London: Macmillan.
Sheppard, Eric. Barnes, Trevor. 2000. A Companion to Economic Geography. Blackwell

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები