საზოგადოება

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება

22.07.16 15:45


ქუთაისი-სამტრედიის გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმღების ექიმმა, დავით წულაიამ განუცხადა.

„21 ივლისს, 18:40 საათზე, ჩვენს საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთ-ერთი 32 წლის მერაბ კვირიკაშვილია, რომლის მდგომარეობა მძიმე არ არის. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვე იმყოფება.

პაციენტი გონზეა და ადეკვატურად პასუხობს კითხვებს. დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება მეორე პაციენტს - 26 წლის გიორგი ლომინაძეს სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული. აღენიშნება ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი, უტარდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია.

მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის გადარჩეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა მიმღების ექიმმა.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა.

კვირიკაშვილი და ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მგზავრობდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამტრედიის საავადმყოფოში განუცხადეს, "უკიდურესად მძიმეა" ანანო ბუაძის მდგომარეობა, რომელიც მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეა.

ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა, მათ შორის ორი ახალგაზრდა ცოლ-ქმარია.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 892


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები