პოლიტიკა

დავით მათიკაშვილმა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს

27.08.19 11:30


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, აზიზბეკ მადმაროვს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე.

„ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების წარმომადგენლებს აინტერესებდათ მთელი რიგი საკითხები, სადაც ჩვენ შეგვეძლო გამოცდილების გაცვლა, მათ შორის ტურიზმთან და ორმაგ დაბეგვრასთან დაკავშირებით. ჩვენ აღვუთქვით ყირგიზულ მხარეს, რომ ყველა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, აუცილებლად მხარს დავუჭერთ ყირგიზეთს, მის ეკონომიკურ განვითარებას.

ანალოგიურად, ყირგიზულმა მხარემაც საქართველოსადმი მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებელია პირდაპირი ავიარეისის არსებობა ბიშკეკსა და თბილისს შორის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ დეპუტატები: სოფო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი და რატი იონათამიშვილი.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები