პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ისრაელთან თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება

21.01.20 15:40


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრს ეწვია და თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს გაეცნო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრში, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ისრაელის ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია წარმოადგენს, პრეზიდენტს მასპინძლობა ცენტრის თავმჯდომარემ შიმონ პერესის ვაჟმა, ხემი პერესმა გაუწია.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ისრაელთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

ხემი პერესის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან მოკლე მაგრამ მრავლისმომცველ შეხვედრაზე ისაუბრეს პერესის მშვიდობისა და ინოვაციის ცენტრის საქმიანობასა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მშვიდობის მშენებლობაზე.

"ჩვენ შემოვიარეთ საგამოფენო დარბაზები, სადაც პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება ენახა ისრაელის ისტორია - თუ როგორ ჩამოყალიბდა ის ინოვაციების ერად. ვნახეთ მომავლის გამოწვევების ნაწილი და მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობები. დავათვალიერეთ საგამოფენო დარბაზი, რომელიც ასახავს ისრაელის კომპანიების საქმიანობას ჯანდაცვის, მდგრადი განვითარების, კიბერნეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კოსმოსური სივრცის კვლევის მიმართულებით.

ჩვენ წარვუდგინეთ მას ისრაელის გლობალურ და ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული მიღწევები," - განაცხადა ხემი პერესმა.

ცენტრში წარმოდგენილია ისრაელის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი უახლესი პროდუქტები.

აღსანიშნავია, რომ თავისი ცხოვრების ბოლო წლებში შიმონ პერესი ამ ცენტრში მუშაობდა. საქათველოს პრეზიდენტმა მისი სამუშაო ოთახი დაათვალიერა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები