პოლიტიკა

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება – გახარია

27.05.20 11:45


პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. დღეს, 27 მაისს, გახარიამ კორონავირუსის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად გახსნის საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ 8 ივნისიდან ასევე აღდგება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში.

“ეს ნაბიჯები პირველ რიგში მიღებულია ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.

ანუ მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობაა ამ ნაბიჯების შემდგომაც შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტემპი, რომელიც დღეს გვაქვს, პირბადეების ტარებაა. საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე თითოეულმა ჩვენგანმა პირბადე უნდა ატაროს,”- განაცხადა პრემიერმა.

1-ლი ივნისიდან იხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

“8 ივნისიდან კი გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, შესაბამისად, რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი შემოწმება”, – განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, გიორგი გახარიას თქმით, 29 მაისიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ განაახლებს მუშაობას.

დღევანდელ ბრიფინგზე გახარიამ თქვა, რომ ტრანსპორტში მგზავრობისას, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, რაზეც პასუხისმგებელი მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები იქნებიან.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები