პოლიტიკა

გიორგი გახარია - ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და, სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას

27.05.20 16:00


ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულია 12 720 ადამიანი და საქართველოს 21 198 მოქალაქეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთავრობამ ადგილზე გაუწია დახმარება.

„მარტივ ციფრებს ვიტყვი – დღეს უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულია 12 720 ადამიანი. სახელმწიფოს დახმარებით, ორგანიზებულად, ეს ხდებოდა ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან. 21 198 ადამიანს, საქართველოს მოქალაქეებს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთავრობამ ადგილზე გაუწია დახმარება. ეს ის ხალხია, რომლებმაც დაკარგეს სამსახური.

დახმარების სახით მათ მიიღეს ბინის ქირის გადასახადი, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურება და სხვა. ეს რა თქმა უნდა , საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, საქართველოდან სამუშაოდ ასობით ათასი ადამიანია გასული და ეს არ მომხდარა არც გუშინ და არც დღეს, მაგრამ, როდესაც ასეთ ამბიციურ პროგრამებს ვაანონსებთ, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანას აქვს შეზღუდული რესურსი და ჩვენი ამოცანა, როდესაც არ ვიცით და მსოფლიოში ვერავინ აკეთებს ზუსტ პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პანდემია რა პერიოდით გაგრძელდება, როდის იქნება ვაქცინა, იქნება მეორე ტალღა თუ არა, ჩვენ კი არა უფრო ძლიერი, სისტემური სახელმწიფოები ხან მესამე და ხან მეოთხე ტალღაზე საუბრობენ და ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ის რესურსი, რომელიც მას გააჩნია, გამოიყენოს უაღრესად ეფექტურად და ხელმომჭირნედ. ჩვენ ვიყავით ყველგან იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და ამერიკის მთავრობის ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აშშ-დან 90 მოსწავლე იქნა ჩამოყვანილი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ღონისძიებისთვის აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

„საქართველოსა და ამერიკის მთავრობის ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ჩვენ 90 ადამიანი, სკოლის მოსწავლე ჩამოვიყვანეთ აშშ-იდან, მათ შორის, 30 სომხეთის მოქალაქე და ამ ღონისძიებისთვის მინდა, აშშ-ის მთავრობას მადლობა გადავუხადო. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება. ესენი არიან ქართველი არასრულწლოვანი ქართველი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა პროგრამით აშშ-ში იღებდნენ განათლებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები