პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილმა იტალიელ კოლეგასთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე ისაუბრა

29.05.20 15:40


28 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან მანლიო დი სტეფანოსთან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მინისტრის მოადგილეები შეეხნენ როგორც COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ თემებს, ასევე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა იტალიის მთავრობისა და იტალიელი ხალხის მიმართ პანდემიის მწვავე პერიოდში გადატანილი სირთულეებისა და მისი საბოლოო დამარცხებისკენ მიმართულ ძალისხმევაში.

მინისტრების მოადგილეებმა გაცვალეს ინფორმაცია პანდემიის მხრივ ქვეყნებში დღეისათვის არსებულ მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე, ასევე ისაუბრეს ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესის მიმდინარეობაზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი ხალხის მადლიერება პანდემიის დროს იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ იტალიის მთავრობის დამოკიდებულების და ასევე მათი რეპატრიაციის პროცესში აქტიური დახმარებისთვის. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, კერძოდ განიხილეს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგები, ნატოსთან თანამშრომლობა და ამ კუთხით შავის ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს როლი. საუბარი შეეხო რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს საგარეო

საქმეთა სამინისტროს ცნობით, იტალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს წარმატებულ ნაბიჯებს ასოციაციის შეთანხმების შესრულების კუთხით. უწყების ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი შეხვედრების აქტიური დინამიკის მნიშვნელობა და დააფიქსირეს ამ კუთხით, საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარებისათვის მზაობა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები