პოლიტიკა

კობახიძე: ვთავაზობთ ოპოზიციას, შევთანხმდეთ მემორანდუმზე, რომლითაც საარჩევნო უბნების ირგვლივ რადიუსი განისაზღვრება

03.07.20 14:20


„ოპოზიციას რამდენჯერმე შევთავაზეთ, გავაფორმოთ მემორანდუმი, რომლითაც შევთანხმდებით და გავინაწილებთ პასუხისმგებლობას იმის თაობაზე, რომ არ დავიკავებთ 25-მეტრიან რადიუსს ანუ საარჩევნო უბნებზე არ იქნებიან წარმოდგენილი ჩვენი აქტივისტები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ოპოზიცია დუმს.

„მიზეზები აბსოლუტურად გასაგებია, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც საუბარია რადიუსის დაკავებაზე, მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ აკეთებენ ხოლმე ამას.

მაგალითად, 2019 წლის არჩევნების დროს გვქონდა მცდელობა, რომ დაგვეტოვებინა ცარიელი 25-მეტრიანი რადიუსი საარჩევნო უბნებთან. 6 ოლქში გვქონდა არჩევნები და მივეცით შესაბამისი ინსტრუქცია ჩვენს აქტივისტებს. მე ვიყავი შტაბის უფროსი მაშინ და რეალურად ჩვენები არ იკავებდნენ ამ რადიუსს, თუმცა ჯერ დილის 8 საათიც არ იყო, როცა არა მარტო ოპოზიციის აქტივისტებს, არამედ ოპოზიციის ლიდერებსაც კი ჰქონდათ დაკავებული 25-მეტრიანი რადიუსები. ამის შემდეგ ჩვენები უკვე იძულებული გახდნენ, ისინიც შესულიყვნენ აღნიშნულ პერიმეტრზე. საბოლოო ჯამში, ის სურათი, რაც არის უბნების გარშემო ხოლმე, ბუნებრივია, მოსაწონი არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციას, შევთანხმდეთ მემორანდუმზე, რომლითაც განისაზღვრება ეს რადიუსი და გავინაწილოთ პასუხისმგებლობა ამ ყველაფრის აღსრულებაზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, 29 ივნისს 117 მომხრე, 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება. ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა. თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები