პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში ცვლილებები შესაძლოა, ხელისუფლებამ მედიის გასაკონტროლებად გამოიყენოს

07.07.20 16:20


“ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები შესაძლოა, ხელისუფლებამ მედიის გასაკონტროლებად გამოიყენოს. მან დღევანდელ ბრიფინგზე სოლიდარობა გამოუცხადა მედიას და ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მათ მედიაზე ზეწოლა არ გაუვათ.

„კანონის გადახედვაც კი საკმარის საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებს ხელისუფლებას, როდესაც მედიასთან დაკავშირებით ასეთ კანონპროექტს წარუდგენს განსახილველად არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. კომუნიკაციების სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ეს არ ეხება მედიას, არ ეხება ტელევიზიებს, არ შეეხება ჟურნალისტებსა და მხოლოდ ტექნიკური საკითხია, ნამდვილად არ იწვევს არანაირ სიმშვიდეს არც ჩემში და დარწმუნებული ვარ, არც მედიის მფლობელებსა და ჟურნალისტებში, რადგან ამ ხელისულების ნდობა შეუძლებელია. მან ძალიან კარგად შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი „ტექნიკური პრობლემა“, რომელიც, თუნდაც ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელთან დაკავშირებით იქნება იმისთვის, რომ მედია გაასხვისოს, მმართველი შეცვალოს და ასე შემდეგ. მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო მედიის მფლობელებს, მედიას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არანაირ ხარვეზს და არანაირ კითხვის ნიშანს, რომელიც შეიძლება შემოვლითი გზით იყოს გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან. კიდევ ერთი კითხვა, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მაინც და მაინც არჩევნებამდე სამი თვით ადრე შემოეტანა თუნდაც ასეთი ტექნიკური რეგულაციები, თუნდაც ეს იყოს აბსოლუტურად ტექნიკური რეგულაცია და სხვა არაფერი, რომელიც ითვალისწინებს წილის გაყიდვასაც კი აუქციონის გზით. ვფიქრობ, ხელისუფლებას ესმის, რომ 7 ნოემბრის „იმედი“ ვერ განმეორდება, ამას მას არც საზოგადოება, არც ჟურნალისტები და არც არავინ არ აპატიებს და სხვა შემოვლითი გზით შეეცდება, მედიის მფლობელებსა ან მედიასთან დაკავშირებულ პირებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მსგავსი ქმედებები მათ არც ახლა და არც შემდეგ არ გაუვათ“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი. კომისია ხაზს უსვამს, რომ ეს ცვლილებები არ ეხება "მაუწყებლობის შესახებ" კანონს და შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან და ტელევიზიებთან.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები