პოლიტიკა

ნათია თურნავა - „ბახვი ჰესის“ პროექტი ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია

21.08.20 16:20


„ბახვი ჰესის“ პროექტი ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიასთან“ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი ინვესტორთან, ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც გურიაში მცირე ჰიდროელექტროსადგურის – „ბახვი ერთის“ მშენებლობას ითვალისწინებს. ესაა 12 მგვტ. სიმძლავრის სადგური, სადაც მომავალში მშენებლობის ეტაპზე 300-მდე, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება. ეს ფაქტი რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი – ჯერ ერთი, ეს არის ახალი ინვესტიცია მწვანე ენერგიაში მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველოც „კოვიდს“ ებრძვის და თითოეული ახალი შექმნილი სამუშაო ადგილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორეც, ეს არის ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მემორანდუმზე ხელმოწერა სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა და მას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და კომპანიის „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიას“ მმართველმა დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ. ხელმოწერას ასევე დაესწრო აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

თურნავას თქმით, ჰესის მშენებლობა დაიწყება, როდესაც კვლევა დასრულდება.

„თავიდან უნდა იყოს შესწავლა. აუცილებელია, რომ გარემოს ზემოქმედების შეფასება გაკეთდეს, რომ ყველა გარემოსდაცვითი საკითხი იყოს გათვალისწინებული სწორად და ყველა სოციალური საკითხი. რამდენიმე თვეში, როდესაც ეს ყველა სტანდარტი იქნება შესრულებული, ისინი გადავლენ მშენებლობაზე. ჯამში ეს ყველაფერი მაქსიმუმ სამ წელიწადს წაიღებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა საქართველოში „ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფონდის საქმიანობა საქართველოში, რომელიც, „ბახვი ერთის“ პროექტის გარდა, კიდევ რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურს ავითარებს და საკმაოდ საინტერესო პორტფელი აქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები