პოლიტიკა

კალაძე: ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, რომელსაც გამოსწორება სჭირდება

21.08.20 16:40


„2012 წელს, „ქართული ოცნების” ერთიანი პოლიტიკური გუნდი სწორედ თქვენი - ამ ქვეყნის პატრიოტი ადამიანების მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში. სწორედ ამ ერთობლივმა ბრძოლამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ მიზნები რეალობად გვექცია - ხელისუფლებას ჩამოგვეშორებინა ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი რეჟიმი და ჩვენი სამშობლო შეუქცევადი განვითარების რელსებზე დაგვეყენებინა, შეგვექმნა სახელმწიფო, სადაც მთავარი პრიორიტეტი ადამიანი იქნებოდა“,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თეთრიწყაროში განაცხადა, სადაც ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი წარადგინეს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გატარდა ძირეული რეფორმები ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის მხარდაჭერის და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.

„ამ რეფორმებმა უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა, უამრავ ადამიანს შეუწყო ხელი მიეღო შემოსავალი, უამრავ ადამიანს მიეცა დასაქმების შესაძლებლობა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული სწორი პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანა განვითარების სწორ რელსებს ადგას. რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი განცხადებით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, რომელსაც გამოსწორება სჭირდება.

„ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს ღირსეული შემოსავალი და საჭიროებს სახელმწიფოს თანადგომას. ჩვენ ვალდებულები ვართ, თითოეულ მოქალაქეს მხარში ამოვუდგეთ, თითოეული ადამიანის და ოჯახის პრობლემა გავიზიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ ამ ადამიანების დასახმარებლად.

მე მახსოვს, 2012 წელს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს თეთრიწყაროში ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა, სოფელ-სოფელ დავდიოთ, რამდენად რთული და მძიმე მდგომარეობა იყო. რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის, მათი ოჯახებისა და მეგობრებისთვის. ეს ყველაფერი ხომ ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გამოვიარეთ. გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო იმ ადამიანების მიმართ, ვინც განსხვავებულად ფიქრობდა, ვიდრე მაშინდელი ხელისუფლება. მაშინ, როდესაც იყო ძალიან დიდი ზეწოლა და შიში, ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით, მოვახერხეთ და მშვიდობიანი, არჩევნების გზით, როგორც ეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ხდება, გავისტუმრეთ ხელისფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ეკონომიკურად, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. მე ვსაუბრობდი განხორციელებულ პროექტებზე, წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, უამრავი პრობლემაა, რომელსაც თავდაუზოგავი, 24-საათიანი მუშაობა ჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებსა და პრობლემებს“,- აცხადებს კახა კალაძე.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები