პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი - მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და სიმტკიცეს

17.11.20 15:20


მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და სიმტკიცეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, განათლება და ა.შ.

 

„დღეს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება უმაღლეს დონეზე პრემიერთან, პრეზიდენტთან და და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს კათალიკოს პატრიარქთან.

 

შეხვედრისას მხარეები განიხილავენ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ სფეროებს, როგორიცაა: უსაფრთხოება და თავდაცვა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა, ხალხთაშორისი კონტაქტები და განათლება, საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებული თემატიკა.

 

მხარეები ისაუბრებენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოებაზე და ამ კონტექსტში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცების და განვითარების შესაძლებლობებზე.

 

ვიზიტის ფარგლებში, ქართულ მხარეს შესაძლებლობა მიეცემა, მაიკ პომპეოს ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

 

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მის სიმტკიცეს.

 

„მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტი ხორციელდება გლობალური პანდემიის პირობებში. საქართველო მადლიერია იმ მხარდაჭერის, რომელიც შტატებმა გასწია და უწევს ჩვენს ქვეყანას პანდემიასთან გამკლავების პროცესში.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ყველა დაგეგმილი ღონისძიება ხორციელდება პანდემიით გათვალისწინებული უსაფრთხოების შესაბამისი პროტოკოლის დაცვით“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები