პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ანტიდასავლური ქცევების გაბალანურების მცდელობა მავნებლობაა

17.11.20 15:40


„მაიკ პომპეოს ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დღეს, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების მხედველობაში მიღებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

 


წულუკიანის თქმით, სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი - მაიკ პომპეო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დღეს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების მხედველობაში მიღებით. ცოტა უფრო შორსაც რომ გავიხედოთ, ვინც იმ დროს მოზარდები ვიყავით, სტუდენტები ვიყავით ან კიდევ უფრო უფროსები, ყველას კარგად გვახსოვს, რომ 30 წელზე მეტია, აშშ და დასავლეთი არის და დღესაც რჩება ჩვენი თავისუფლების, სისხლით მოპოვებული დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის უმთავრესი მხარდამჭერად და პრაქტიკულად ერთადერთ გარანტად, ქართველი ხალხის მიერ გაცხადებული იმ ორიენტაციისა და მიმართულებისა, მე ვიტყოდი ცივილიზაციური არჩევანისა, რომელსაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსი ჰქვია - ეს არის რეალობა“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და ზოგადად, ოპოზიციის გეგმებსაც შეეხო. როგორც წულუკიანმა ბრიგინგზე აღნიშნა, სააკაშვილს არ მოსწონს მშვიდობა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სხვა გეგმები ჰქონდა, რომლებიც ვერ განახორციელა:

 

„ამ ფონზე, მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალები რჩებიან სამწუხაროდ მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში. ამის ნათელი დადასტურებაა მიხეილ სააკაშვილის, უკვე ტრადიციად ქცეული, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ეს უკვე იქცა ტრადიციად, სისტემურ ქცევად, ანტიდასავლური არა მხოლოდ პოლიტიკური ქცევა და კულტურა, არამედ ანტიდასავლური რიტორიკა. მაგალითისთვის, გუშინ, სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა და სწორედ ამიტომ ვართ დღეს შეშფოთებულები, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბატონი კოქსი, არის რუსეთის აგენტი, ვციტირებ, ის არის რუსეთის კმაყოფაზე მყოფი - ესეც ციტატაა მისი გამოსვლიდან, ხოლო საპარლამენტო ასამბლეის დადებითი დასკვნა 31 ოქტომბერს, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ტოლფას დასკვნად გამოაცხადა.

 

ისმის კითხვა - რამ გამოიწვია სააკაშვილის ამგვარი თავდასხმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტიტუტზე? ალბათ იმან გამოიწვია, რომ ამ ინსტიტუტის დასკვნა უბრალოდ არ დაემთხვა მის მიერ ტირაჟირებული ყალბ რეალობას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან გაიმარჯვა არჩევნებში და არა „ქართულმა ოცნებამ“. ევროსაბჭოს დელეგაციამ თქვა ის რეალობა რაც არის, რომ მშვიდობიან პირობებში ჩატარდა არჩევნები, რაც სააკაშვილს არ მოსწონს. მას არ მოსწონს მშვიდობა, მას სხვა გეგმები ჰქონდა და ის გეგმები ჩაიფუშა და საპარლამენტო ასამბლეამ თქვა ის რეალობა, რომ „ქართული ოცნება“ არის პირველ ადგილზე გასული პარტია, რაც, რა თქმა უნდა, სააკაშვილის მოსაწონი არ აღმოჩნდა.

თუ ანალოგიით ვიმსჯელებთ, ამით სააკაშვილმა, ასევე, რუსეთის დასკვნად გაასაღა არა მხოლოდ ასამბლეის შეფასება 31 ოქტომბრის არჩევნებისა, არამედ ყველა ის დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს ერთი და იმავე შეფასებებს - ეს არის ჩვენთვის კარგად ცნობილი ეუთო/ოდირი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნების საელჩოები და სხვა ოფიციალური პირების განცხადებები.

 

ეს არის საგანგაშო - პირდაპირ ვამბობთ, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების კულტივირება არის მავნებლობა. ეს არის ასე და ვერ იქნება სხვაგვარად და ჩვენ როცა შევალთ პარლამენტში, უკვე პარლამენტიდან შევებრძოლებით იმას, რომ ჩვენს ოკუპირებულ ქვეყანაში არავის არ მიეცეს არანაირი შესაძლებლობა, რომ გააღვივოს ანტიდასავლური გრძნობები და აჩვენოს, თუ როგორი ქცევა შეიძლება ანტიდასავლური პოლიტიკაში - ეს არის დაუშვებელი.

დასავლეთისადმი ნიჰილიზმი ჩვენს ქვეყანას არაფერს კარგს არ მოუტანს. ამას ეძღვნება სწორედ ჩვენი ბრიფინგი და მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს ან ოპოზიციაშია გაერთიანებული ან არის ჩვენს პოლიტიკურ ველზე, მაგრამ მაინცდამაინც სააკაშვილს ლიდერად არ მიიჩნევს, რომ შეაფასონ მისი ეს ქცევა, მისი ეს განცხადებები - ან დაადასტურონ, რომ ეს მისაღებია, ან გაემიჯნონ მას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

 

თეა წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნება“ რჩება იმ არჩევანის ერთგული, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია. მისივე თქმით, ეს არის ურყევი არჩევანი, რომელსაც მმართველი გუნდი უკვე ახალი მოწვევის პარლამენტში, ახალი მთავრობის პირობებში მთელი ხელისუფლება მოემსახურება:

 

ასევე, რახან პოლიტიკურ პარტიებზე ჩამოვარდა საუბარი, საინტერესო იქნება EPP -ის შეფასებაც, რომლის წევრიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ - არის ნამდვილად მოცემული დეპუტატი ან სხვა ევროპული ინსტიტუტები ეფესბეს კმაყოფაზე მყოფი აგენტები თუ არა? ძალიან მაინტერესებს მე პირადად EPP-ის აზრი როგორც პოლიტიკური, რესპექტაბელური მოძრაობის. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ დღეს ოფიციალურად მივმართავთ: „ქართულიოცნებას” რაც შეეხება - ჩვენ რა თქმა უნდა, ვრჩებით იმ არჩევანის ერთგული, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მინდა ყველას შევახსენო, კონსტიტუციით გამყარდა და ეს არის ურყევი არჩევანი, რომელსაც ჩვენ უკვე ახალი მოწვევის პარლამენტში, ახალი მთავრობის პირობებში მთელი ხელისუფლება მოვემსახურებით, როგორც ამას ვაკეთებდით მაშინ, როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ამას ვაკეთებდით როცა 13 წელს გადმოგვეცა უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმა და უამრავი რეფორმა განვახორციელეთ ამისთვის და როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე აგვყავდა თანამშრომლობა და უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე ჩვენმა მთავრობამ და თავდაცვის სამინისტრომ აიყვანა ნატოსთან თანამშრომლობა - ეს გაგრძელდება, მაგრამ მეოხე ხელით, ჩვენ ყველა უნდა ვებრძოლოთ ანტიდასავლურ ქცევებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ქცევების გაბანალურების მცდელობას, რადგან ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები