პოლიტიკა

“ზებრა დეპუტატი” პარლამენტში შეშვებას ითხოვს

11.12.20 12:00


საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, სადაც მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა დაიწყოს, ზებრის ფორმაში ჩაცმული აქტივისტი მივიდა.

 

მისი თქმით, ეს ერთგვარი პერფორმანსია, თავს “ზებრა დეპუტატს” უწოდებს და პარლამენტში შეშვებას ითხოვს. მისივე განცხადებით, “სხვა ზებრები უკვე პარლამენტში არიან” და თავადაც სურს იქ მოხვედრა.

 

X მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და ორგანიზაციის აქტივისტები არიან შეკრებილნი.

 

“ნეტგაზეთის” რეპორტიორის ინფორმაციით, შეკრებილები პარლამენტის ეზოში შემავალ ავტომანქანებს აცილებენ შეძახილით “მონებო!” რამდენიმე მათგანს ხელში უჭირავს დიდი ბანერი, წარწერით “დაიცავი არჩევნები!”

 

11 დეკემბრისთვის პარლამენტთან საპროტესტო აქცია და პერფორმანსი რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დააანონსა. მათ შორის არიან “ლეიბორისტული პარტია”, ანა დოლიძის მოძრაობა “ხალხისთვის” და “პროგრესული საქართველო”.

 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

 

პირველი სხდომა 1 პარტიის მონაწილეობით


ახლად არჩეული, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცემა, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

 

ამჟამინდელი მოცემულობით, საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული იქნება. ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც 31 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერი გადალახეს, თქვეს, რომ არ გამოიყენებენ მანდატებს, ვინაიდან არ ენდობიან კენჭისყრის ოფიციალურ შედეგებს.

 

დღევანდელ სხდომაზე არ იგეგმება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების დაკომპლექტება. ეს საკითხი ასევე პრობლემურია იმ ფონზე, თუ ოპოზიცია პარლამენტში საბოლოოდ არ შევა, მაშასადამე, საპარლამენტო თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტება და საკანონმდებლო ორგანო ვერ მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს ხმათა არასაკამარისი რაოდენობის გამო.

 

წინა წლებისგან განსხვავებით და მიწვევის მიუხედავად, სხდომას, სავარაუდოდ, არ დაესწრება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. როგორც ცნობილია, ილია მეორე საპატრიარქოში იმყოფება და ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და მასთან შეხვედრები შეზღუდულია.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები