პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - გლობალური პანდემიის მიუხედავად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანი შედეგებით წარიმართა

29.12.20 13:40


გლობალური პანდემიის მიუხედავად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანი შედეგებით წარიმართა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სამინისტროში გამართულ წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით დაინერგა ახალი სამუშაო მეთოდები, რამაც პანდემიის პირობებში მინისტრთა კომიტეტს შეუფერხებელი მუშაობის საშუალება მისცა.

 

ამასთან, ზალკალიანის განცხადებით, მიღებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია „კოვიდ-19“ პანდემიასთან დაკავშირებით.

 

„მიღებულ იქნა საქართველოს, საბერძნეთისა და გერმანიის ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტის – „ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა“ ფარგლებში; დამტკიცდა ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სტრატეგია 2030; დასრულდა მუშაობა წევრი ქვეყნის მხრიდან ორგანიზაციის საწესდებო ვალდებულებების უხეში დარღვევის საპასუხოდ მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის ერთობლივ პროცედურაზე. საქართველოს თავმჯდომარეობის ექვსი თვის განმავლობაში, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის სახელით, მნიშვნელოვან საერთაშორისო თარიღებსა და მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთდა რვა განცხადება“, – განაცხადა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2020 წელს გაიმართა მინისტრთა მოადგილეების აზრთა გაზიარება – „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოში და მის წევრ ქვეყნებში“, ასევე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია – „გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები“;

 

„ონლაინ ფორმატში გაიმართა „საერთაშორისო კონფერენცია – „სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“; მრგვალი მაგიდა – „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება ევროპაში – მონაწილეობა და აღდგენითი მართლმსაჯულება“. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის დაფინანსებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ადამიანის უფლებები პლანეტისთვის“. (ღონისძიება დაგეგმილი იყო თავმჯდომარეობის ფარგლებში, თუმცა პანდემიის გამო, თავმჯდომარეობის დროს მისი ჩატარება ვერ მოხერხდა)“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ერთი წლის მანძილზე არაერთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა და საქართველო გახდა ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) 41-ე წევრი.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები