პოლიტიკა

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი წერილი

02.02.21 12:40


საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილით მიმართეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირებულ პარტნიორებთან გაღრმავებული თანამშრომლობის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, სამი ქვეყნის მინისტრის ძირითადი გზავნილია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამბიციურ პარტნიორებს უნდა გაუხსნას ევროკავშირთან მეტად დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი და სრული ინტეგრაცია.

 

მათივე ინფორმაციით, წერილში მხარეები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ აიღეს მტკიცე ვალდებულება ასოცირების შეთანხმებების მეშვეობით, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს.

 

„ასოცირებული პარტნიორების საერთო გზავნილი იყო და არის - რომ აღმოსავლეთის პარტნიორობამ ყველაზე მეტად დაინტერესებულ და ერთგულ პარტნიორებს თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტები უნდა გაუხსნას, რაც მათ ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების და აქტუალურობის შენარჩუნების მიზნით, პარტნიორობა უკეთესად უნდა მოერგოს ყველა პარტნიორის ახალ რეალობებსა და საჭიროებებს“ - ნათქვამია მიმართვაში.

 

მათი თქმით, მინისტრები საუბრობენ ასოცირების შეთანხმების სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მართლმსაჯულება, სტრატეგიული კომუნიკაციები, ჯანდაცვა და სხვა.

 

ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებაზე; წერილში ხაზგასმულია ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.

 

წერილში ასევე საუბარია ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე ასოცირებული ტრიოსთვის ამ ქვეყნებში ასოცირების შეთანხმებებით გათვალისწინებული კომპლექსური რეფორმების მხარდასაჭერად.

 

მინისტრების განცხადებით, აღნიშნული ერთობლივი მიმართვა ემსახურება ახალი, სტრატეგიული, გრძელვადიანი ხედვის შექმნას, რომელიც ასოცირებული პარტნიორებისთვის მხარდამჭერი გზავნილი იქნება, ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებას და ევროკავშირის ტრანსფორმაციული როლის განმტკიცებას რეგიონში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები