პოლიტიკა

საგარეო უწყებაში აშშ-ის ელჩთან ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გეგმები და ახალ ადმინისტრაციასთან შეხვედრებისა და კომუნიკაციის დღის წესრიგი განიხილეს

03.02.21 11:45


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

შეხვედრაზე განიხილეს აშშ-საქართველოს ურთიერთობის ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სრული სპექტრი, საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შესაბამისი სამუშაო შეხვედრების გამართვის საკითხს, ასევე ახლო მომავალში აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ორმხრივი შეხვედრების და კომუნიკაციის დღის წესრიგს.

 

კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მზაობა აქტიურად იმუშაოს ქართულ მხარესთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზნების განსახორციელებლად. ელჩ დეგნანთან შეხვედრაზე განხილულ იქნა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის წერილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის სახელზე, სადაც საუბარია სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებთან დაკავშირებულ ხედვებზე.

 

სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების პარალელურად შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების არსებულ გარემოს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობას საერთო ინტერესების მატარებელ საკითხებთან დაკავშირებით.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები