პოლიტიკა

EBRD მზად არის შავი ზღვის როლის გაძლიერების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის

03.02.21 12:00


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა EBRD-ის ახალარჩეულ პრეზიდენტ ოდილ ღენო-ბასოსთან ონლაინფორმატში შეხვედრა გამართა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა EBRD-ის პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა პოსტპანდემიურ პერიოდში, საქართველოსა და მსოფლიოში ეკონომიკის მიმართულებით შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

 

მათივე ცნობით, EBRD-ის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებს.

 

„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, პანდემიის შედეგად, მსოფლიო ეკონიმიკური რყევების გამო, მნიშვნელოვანია საქართველოში კარგად განავითაროთ მისი ეკონომიკის საყრდენი ძალა – მცირე და საშუალო ბიზნესი. ამ კუთხით პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა EBRD-ის როლი და მისი დახმარება მცირე და საშაულო ბიზნესის განვითარების პროცესში.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელის ვიზიტის შედეგების განხილვისას ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის როლს და აღნიშნა, რომ შარშანდელმა კონფლიქტმა და მისმა შედეგებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას.

პრეზიდენტის აზრით, საჭიროა მეზობლებთან ერთად და EBRD-ის ჩართულობით კიდევ უფრო მეტი საერთო ეკონომიკური პროექტის განხორციელება და მიმდინარე პროექტების განვითარება.

 

EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს პანდემიის დროს EBRD-ის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოში მცირე ბიზნესების დახმარების მიმართულებით გაკეთდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ საჭირო იქნება ღრმა რეფორმების განხორციელება, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობისა და მწვანე ენერგიის მიმართულებები, ამ რეფორმებისათვის გასატარებლად კი საჭირო იქნება ეკონომიკური აქტორების მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა.

 

EBRD-ის პრეზიდენტმა შავი ზღვის როლის გაძლიერების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა და ასევე აღნიშნა, რომ EBRD მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს მწვანე ენერგიისა და ენერგოეფექტურობის რეფორმების დანერგვაში.

 

საქართველოს პრეზიდენტმა EBRD-ის ახალარჩეული პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია და ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დათვალიერება შესთავაზა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები