პოლიტიკა

მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტში დღეს განახლდება

15.02.21 10:30


მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტში დღეს განახლდება. საკანონმდებლო პაკეტს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

 

მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ სამთავრობო უწყებად – განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება.

 

გარდა ამისა, დღესვე იმსჯელებენ პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, რომელიც ითვალისწინებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შემადგენლობიდან კულტურის სფეროს გამოყოფისა და ახალი საპარლამენტო კომიტეტის – კულტურის კომიტეტის შექმნას.

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ამილახვარის განმარტებით, „ქართული ოცნებისთვის“ კულტურა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ცვლილებები სწორედ სფეროს უფრო ეფექტიან მართვას ისახავს მიზნად.

 

„როგორც იცით, მთავრობამ დააინიცირა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ეხება კულტურის სამინისტროს ცალკე ჩამოყალიბებას. შედეგად, ჩამოყალიბდება ორი სამინისტრო. ეს არის განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ასევე, მოხდება პარლამენტში კომიტეტების გაყოფაც და კულტურის კომიტეტიც ჩამოყალიბდება ცალკე კომიტეტად. „ქართული ოცნებისთვის“ კულტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილებების განსახორციელებლად, უფრო ეფექტური მმართველობის განსახორციელებლად და აქტიური რეფორმების გასატარებლად, მიღებული არის გადაწყვეტილება, კულტურის მიმართულება ცალკე გამოეყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც სამინისტროს დონეზე, ისე კულტურის კომიტეტის დონეზე. ამიტომ გადაწყვეტილება მიღებულია და პარლამენტი დაიწყებს ამ კანონპროექტების განხილვას. ვერ ვიტყოდით, რომ სამინისტროების გაერთიანებამ ვერ გაამართლა, თუმცა უფრო ეფექტური მმართველობისთვის გუნდმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

დეპუტატი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თეა წულუკიანი ჩაიბარებს, თუმცა თეა წულუკიანის წარდგენას მიესალმება.

 

„გუნდში არის ამაზე კონსულტაციები. ვერ დაგიდასტურებთ კანდიდატურას, თუმცა განიხილება აქტიურად და სადღაც მარტის შუა რიცხვებში ჩვენ გვეცოდინება, როგორც ახალი მინისტრის, ასევე ახალი კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურები. პირადად მე მივესალმები თეა წულუკიანის წარდგენას კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა.

შესაბამისად, როგორც კი მოხდება სამინისტროების გაყოფა, პრემიერ-მინისტრის მიერ შესაბამისი კანდიდატურა იქნება დასახელებული“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

რაც შეეხება კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, მმართველი გუნდი ელისო ბოლქვაძის კანდიდატურას განიხილავს.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები