პოლიტიკა

დავით ზალკალიანის თქმით, შესაძლოა საქართველომ უკრაინაში ელჩის დაბრუნების საკითხი უახლოეს პერიოდში განიხილოს

15.02.21 11:15


ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობა, ეს ყოვლად დაუშვებელია.

ვფიქრობ, ჩვენი უკრაინელი პარტნიორები ამას თანდათან აცნობიერებენ, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა „იმედის კვირასთან“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინიდან ელჩის გაწვევის მიზეზებზე ილაპარაკა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთ განცხადებას მოჰყვა.

 

მინისტრის თქმით, ელჩის გამოწვევის მიუხედავად, თბილისსა და კიევს შორის კომუნიკაცია არასოდეს შეწყვეტილა და ორივე მხარე თანხმდება, რომ სიტუაციის ასე გაგრძელება დიდხანს არ შეიძლება. ზალკალიანი ზუსტს და მკაფიოს უწოდებს იმ გამოხმაურებას, რაც მივიღეთ უკრაინის ელჩისგან და შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან.

 

„იმ ნაბიჯით, რაც საქართველომ გადადგა ელჩის გამოწვევით, ჩვენ დავანახეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარ ქვეყანას, უკრაინას, თუ რამდენად სერიოზულია ეს საკითხი და რაოდენ მნიშვნელოვანია მიუღებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის. უკრაინაზე დამოკიდებული იქნებოდა, რამდენად სწორად მიიღებდა და აღიქვამდა ამას, რადგანაც ვინ თუ არა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ერთმანეთს უნდა გაუგონ. წარმოუდგენელია, ჩვენ ერთმანეთის შიდა საქმეებში ვერეოდეთ. უკრაინელი პარტნიორების მხრიდან ბოლო პერიოდში ჩვენ გვესმის ზუსტი შეფასებები და ზუსტი აღქმა ამ უაღრესად რთული სიტუაციისა და იმ სიტუაციის, რომელშიც მიგვიყვანა ამ ერთმა უპასუხისმგებლო ადამიანმა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია გარკვეული შემხვედრი ნაბიჯებით წავიდეთ, მათ შორის განვიხილოთ უახლოეს პერიოდში ელჩის უკრაინაში დაბრუნების საკითხი“, - განაცხადა მინისტრმა.

 

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი, და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში არ ეხმარება. ამის შემდეგ სააკაშვილმა იგორ დოლგოვს კორუმპირებული უწოდა.

 

 

 

წყარო : /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები