პოლიტიკა

მელიას საქმე: საქართველო რეალური საფრთხის წინაშე დგას, რომ გახდეს ერთპარტიული სახელმწიფო - აშშ-ს ყოფილი ელჩი

19.02.21 12:00


აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო რეალური საფრთხის წინაშე დგას, რომ ერთპარტიულ სახელმწიფოდ გადაიქცეს. მისი განმარტებით, იმისათვის, რომ ქვეყანა ამ ჩიხიდან გამოვიდეს, ორი რამ არის საჭირო - ენმს-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართებაში საკითხის არაპოლიტიზირებულ ჭრილში გადაწყვეტა და ნაციონალური მოძრაობის წევრების პარლამენტში შესვლა:


"რეალურად საქართველო საფრთხის წინაშე დგას, რომ გახდეს ერთპარტიული სახელმწიფო. ისეთი, როგორიც მექსიკა იყო მრავალი წლის განმავლობაში. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, განსაკუთრებით ახლა როცა, ამერიკას შეერთებული შტატებში ახალი ადმინისტრაცია, რომელიც ბევრად უფრო მეტად იქნება კონცენტრირებული ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის საკითხებზე, ვიდრე წინა ადმინისტრაცია.

 

იმისთვის, რომ ქვეყანა მიმდინარე ჩიხიდან გამოვიდეს, ორი რამ უნდა მოხდეს: ერთი ისაა, რომ მელიასთან დაკავშირებული საკითხი უნდა გადაიჭრას. უნდა შეტრიალდეს ეს ნაბიჯები. არ მაქვს სურვილი გავაკრიტიკო ქართული მართლმსაჯულების სისტემა, მაგრამ გარე დამკვირვებლისთვის ეს პოლიტიკურ მანევრად აღიქმება. მაგრამ მეორეს მხრივ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უნდა დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში. მე ვერ ვხედავ სხვა გზას, რომ პოლიტიკური ვითარება გაუმჯობესდეს და გახდეს ფუნქციური.

 

ოცნების გუნდის წევრები დაინიშნებიან, შემდეგ ბატონ ივანიშვილთან უთანხმოება მოსდით და მათ ცვლიან. ეს ბატონი ღარიბაშვილი წარსულშიც იყო პრემიერ-მინისტრი. შემდეგ ის ძალიან კარგი ტექნოკრატით (გიორგი კვირიკაშვილი) შეცვალეს, რომელიც ასევე გაუშვეს თანამდებობიდან. საქართველოს სჭირდება კარგი მმართველობა, კარგი პრემიერ-მინისტრი, რომელიც იქნება პატრიოტი, ადამიანი რომელიც იქნება გამაერთიანებელი მესიჯების მქონე.

 

მჯერა თუ არა რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა? არა. ის ქართულ ოცნებას აფინანსებს. ის საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანია და მას უდიდესი გავლენა აქვს. ეს სახიფათოა. ამაზე წლების წინ სხვა ადამიანებთან ერთად ვწერდი, რომ მისი გავლენა, როგორც დემოკრატიულ სისტემაში არარჩეული პირისა, არის სახიფათო. პოლიტიკური სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასეა ახლა. თუმცა, ამის მიუხედავად, მიმდინარე პრობლემა უნდა გადაიჭრას. ჩვენ ყველას გვეშინია ძალადობის. არავის გვსურს ვნახოთ ისეთი ვითარება საქართველოში როგორც ეს 20-30 წლის წინ იყო, როცა სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ქუჩაში ებრძოდნენ. ახლა დროა ცივი გონების ადამიანებმა გაიმარჯვონ და როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე ქართულმა ოცნებამაც გააცნობიერონ, რომ საქართველოს მომავალი გზაჯვარედინზეა" - განაცხადა იალოვიცმა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები