პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მასშტაბის ადამიანი, ვისაც „ნაციონალები“ დაატერორებდნენ

09.03.21 14:40


„პროკურორი რომ ვიყო, გამოვიძიებდი სწორედ იმას, ვინ ჩაიწერა არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით, როგორ მოხდა ეს ჩანაწერი რომელიღაც პარტიულ ტელევიზიაში. რა მიზნით დამონტაჟდა ასე უსინდისოდ და რა მიზანს ისახავდა. თუ გამოძიება დაიწყო, თქვენგან მესმის, დაველოდოთ“- აღნიშნა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.


მისი თქმით, ჩანაწერების რაღაც ფაბრიკაციით, „ცდილობენ უკანონოდ თქვან, რომ „ღარიბაშვილთან სალაპარაკოდ არ დავჯდები“, ეს არის ერთადერთი მიზანი“.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“, მათ დამქაშებს, დაჯგუფებებსა და განყოფილებებს მივმართავ, რომელთაც დღეს პოლიტიკური პარტია ჰქვიათ და ზოგიერთი ჟურნალისტი ხართ მათი პარტიული ტელევიზიები.

 

თქვენ ქართველმა ხალხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს ხელისუფლებიდან სწორედ იმიტომ გაგიშვათ, რომ თქვენ ფარულად იწერდით ბავშვებს, ამ ბავშვებს შორის აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი იყო ბერა ივანიშვილი.

 

რატომ აკეთებდით, ამას? იმიტომ, რომ ბავშვები და მოზარდები გამოგეყენებინათ მათი მშობლების წინააღმდეგ. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა იდგა ვანოზე. იმ ვანოზე, რომლისაც დღეს გრცხვენიათ, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნისას ხდება ამ უკანონო ჩანაწერების უსირცხვილო დამონტაჟება და ჩემთვის ყველაზე დიდ „ჟურნალისტს“ ნიკა გვარამიას პირდაპირ ეთერში წამოსცდა, მელაძემ რა კარგი ჩანაწერი გააკეთაო.

 

ეს არის გაკეთებული ფაბრიკაცია უკანონო ჩანაწერების. ამიტომ, მე რომ ვიყო პროკურორი, გამოვიძიებდი ვინ გააკეთა ეს უკანონო ჩანაწერი, ვინ გაიტანა და სად გაიტანა, ასევე როგორ, ვინ დაამონტაჟა და რა მიზნით“ – განაცხადა წულუკიანმა.

 

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ეს არის უკანონოდ მოპოვებული გაყალბებული ჩანაწერები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჭრის, კერავს და ამით ცდილობს, ქვეყანაში არეულობის შეიქმნას.

 

„ჩემთვის მიზანი ნათელია, თუმცა გამომძიებელი არ ვარ. მიზანია ის, რომ ჩანაწერების რაღაც ფაბრიკაციით, უკანონოდ თქვან, რომ ღარიბაშვილთან სალაპარაკოდ არ დავჯდები.

 

ეს არის ერთადერთი მიზანი. სინდისთან მწყრალი განცხადებები იყო კონკრეტული ტელევიზიების ეთერიდან, უსინდისო განცხადებები ისმოდა, მაგალითად ისეთი, რომ გინდათ, საზოგადოებას დააჯეროთ, ვითომ, დღეს ოჯახს მოკიდებული, უკვე დიდი კაცი ბერა ივანიშვილი ელაპარაკება პრემიერს და ეს არის მათი დღევანდელი საუბარი, სირცხვილია.

 

ე.ი. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოდის ხელისუფლებაში სწორედ ამიტომ და მათ კარგად უნდა გაიგონ, რომ დღესაც დგანან ვანოსა და მეგის ქარდავას საქმიანობაზე, აქვთ რაღაც უკანონო ჩანაწერები ჭრიან, კერავენ და ცდილობენ, მიაღწიონ მთავარ მიზანს, რომ ქვეყანაში შეიქმნას არეულობა.

 

თუ თქვენ ჩანაწერების ფაბრიკაციას მოუსმენთ, ნახავთ, რომ ამ საუბრიდან ნათელზე ნათელია, რომ ღარიბაშვილი არ არის თანამდებობის პირი. ორჯერ ორი ოთხია.

კიდევ ვიმეორებ, მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი და რა მიზნით.

 

მე ჩემი ეჭვი მაქვს. როგორც ყველა ბავშვს, ვინც იყო ოპოზიციაში მყოფი მშობლის შვილი წერდნენ და შემდეგ ოჯახს ატერორებდნენ. ეს იყო მიზანი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მასშტაბის ადამიანი, ვისაც „ნაციონალები“ დაატერორებდნენ“– აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები