პოლიტიკა

კახაბერ კუჭავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

10.03.21 17:00


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს.

 

საუბრის მთავარი თემა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება და მეგობრობის ჯგუფის ფორმატში ორმხრივი ვიზიტების დღის წესრიგის საკითხები იყო.

 

კახაბერ კუჭავამ და ფაიგ გულიევმა შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებსა და ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება.

აზერბაიჯანი რჩება საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ ეკონომიკურ პარტნიორად რეგიონში და საქართველო მხარს უჭერს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას მომავალ წლებში.

 

„დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართეთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალ ელჩთან საქართველოში, ბატონ ფაიგ გულიევთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომლის გარშემოც ხდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ბატონ ელჩს გავაცანი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის საკანონმდებლო დონეზე არსებული ურთიერთობების გაღრმავებას. განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანს შორის ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობა და შესაბამისად ელჩმა გამოთქვა მზაობა, მომავალშიც განაგრძოს ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობა“, - შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა კახა კუჭავამ.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი, ელდარ ბაირამოვი და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში, ნინო ფანჯიკიძე.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები