პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

11.03.21 10:30


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ახალგაზრდობის საკითხებზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მათ ჩართულობასა და მათი მხრიდან ახალი ინიციატივების წარმოდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 


უწყების ცნობით, ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტური პარლამენტის წევრებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან პროცესებზე ისაუბრეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

 

„მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად არსებობდეს კომუნიკაცია ახალგაზრდა თაობასთან და შესაბამისად, გვქონდეს ინიციატივების და მეორეს მხრივ, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. ეს, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმიანობაში, ახალგაზრდობის უფრო მეტი ჩართულობისთვის უკეთესი პერსპექტივების შექმნის საშუალებას მოგვცემს.

 

ამგვარად ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება და ამ პროცესს მხარდაჭერა და წახალისება სჭირდება. სწორედ ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო დღეს გამართული შეხვედრა, რადგან მსგავს ფორმატებში შესაძლებელი ხდება მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდეს ახალგაზრდა თაობასთან და შესაბამისად, უზრუნველყოთ მათი ჩართულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

პრესსამსახურის თქმით, სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო და პარლამენტის წევრი, ელისო ბოლქვაძე დაესწრნენ.

 

დეპუტატებმა ახალგაზრდებისგან განათლების, კულტურის და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ მოსაზრებები მოისმინეს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

 

„ახალგაზრდებთან შეხვედრა ორმხრივად სასარგებლო პროცესია, რადგან ერთმანეთისთვის ჩვენი რესურსების გაზიარება როგორც ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვისაც საინტერესოა.

 

თქვენი რესურსები ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, ჩვენ კი გვაქვს ის, რაც თქვენ ჯერ-ჯერობით არ გაგაჩნიათ და ეს არის მრავალმხრივი გამოცდილება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

 

ცნობისთვის, სხვადასხვა ფორმატებში სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები