პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც მზად ვართ, რომ შევიდეთ მხოლოდ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს

17.03.21 10:15


„ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც მზად ვართ ოპოზიცია, რომ შევიდეთ ოღონდ მხოლოდ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, პოლიტპატიმრები იქნენ თავისუფალი“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კრისტიან დანიელსონთან დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.


ოპოზიცია კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას ელოდება. როგორც ცნობილია, უცხოელი მედიატორი მხარეების წინაშე ახალი შეთავაზებებით წარდგება.

 

შვედმა დიპლომატმა განაცხადა, რომ აგრძელებენ კონსტრუქციულ მუშაობას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

 

ოპოზიციური პარტიების ლიდერები კი ფიქრობენ, რომ ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა შეუძლებელი გახდება.

 

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია განმარტავს, ოპოზიცია მზად არის, შევიდეს პარლამენტში იმ მიზნით, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.

 

„ოპოზიციას თავისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს, ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც მზად ვართ ოპოზიცია, რომ შევიდეთ ოღონდ მხოლოდ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მომზადდეს, პოლიტპატიმრები იქნენ თავისუფალი.

 

ვადამდელი, ნორმალური არჩევნების გარეშე, იქამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლების, სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილების გარეშე, ეს ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ მედიატორების მიერ წარმოდგენილ წინადადებებში მხარეების პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდეს.

 

„დაველოდებით, რა წინადადებით მოვა მედიატორი, ორი საკვანძო საკითხი - ვადამდელი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რა თქმა უნდა, რჩება უცვლელი“,- განაცხადა მან.

 

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ კი აღნიშნა, რომ თუ ვერ მოხდება შეთანხმება საკვანძო საკითხებზე, საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება.

 

„ჩვენთვის მთავარია შედეგი, მთავარია, ნიკა მელია ციხიდან გამოვიდეს. რადგან შეუძლებელია გავაგრძელოთ მოლაპარაკება და ეს ადამიანი ციხეში იყოს. თუ ყველამ დავინახეთ, რომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, იძულებული ვიქნებით პროცესები გადავიდეს ქუჩაში, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები