პოლიტიკა

რეკომენდაციების გათვალისწინება ფინანსური დახმარების ერთ-ერთი პირობაა - ევროკავშირი

08.04.21 12:20


როგორც ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, უზენაესი მოსამართლეების შერჩევის წესში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას, ვენეციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება ფინანსური დახმარების გაცემის ერთ-ერთი პირობაა.


"პირველ აპრილს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი მოსამართლეების შერჩევის წესის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ევროკავშირს შერჩევის პროცესთან და არსებულ წესებთან დაკავშირებული ხარვეზების გამო, შეშფოთება არაერთხელ გამოუთქვამს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას, იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს ცვლილებები ნაჩქარევად, მრავალმხრივი საკონსულტაციო პროცესის გარეშე შეადგინა და მიიღო. დანანებით აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ერთხელ უკვე მიიღო ეს კანონმდებლობა დაჩქარებული პროცესით, ვენეციის კომისიისადმი დროულად მიმართვისა და კომისიის საბოლოო მოსაზრებისთვის მოცდის გარეშე.

 

ამიტომ, ევროკავშირი დაჟინებით ურჩევს საქართველოს, რომ უმოკლეს დროში მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები კომისიის წინა რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის დასტურის შემთხვევაში, ახალი საკანონმდებლო წესები, კონკურსის ყველა მონაწილეზე თანასწორად უნდა გავრცელდეს.

 

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ უზენაესი სასამართლო, როგორც საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, დაკომპლექტებული იყოს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციისა და კეთილსინიდისერების მქონე მოსამართლეებით.

უზენაესი მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ერთ-ერთი პირობაა მოქმედი პროგრამის ფარგლებში მეორე მაკროფინანსური დახმარების საკითხის გადაწყვეტისას" - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები