პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ შეგვიძლია, საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომლითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ ავარიულ შენობებზე ზედამხედველობას

12.10.21 13:20


„ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომლითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ იმ ნორმებს, რომელიც საჭიროა, რომ ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. ასეთი პრობლემები, სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში ბევრგან არის და სასურველია, მოხდეს შესაბამისი და დროული რეაგირება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

კახა კუჭავა ბათუმში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს, ასევე, მთელ საზოგადოებას სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

 

„პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო თითოეულ ოჯახს, თითოეულ ბათუმელს და მთელ საქართველოს. ეს ჩვენთვის დიდი დანაკარგია.

რთულია, სიტყვებით გამოვხატოთ ის წუხილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია. მთავრობამ გააკეთა განცხადებები, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს დაეხმარონ. გუშინ, ასევე, მოვისმინე, რომ მერიაში უკვე 60-ზე მეტ შენობაზე მიდის რეაგირება, შესწავლა, მეც მივიღე წერილები და შესაბამისად გადავამისამართე, რათა მოხდეს რეაგირება ყველა ავარიულ შენობაზე.

 

ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომლითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ იმ ნორმებს, რომელიც საჭიროა, რომ ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. ასეთი პრობლემები, სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში ბევრგან არის და სასურველია, ჩვენი მხრიდანაც იყოს შესაბამისი და დროული რეაგირება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

 

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

 

პროკურატურის ცნობით, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

 

დანაშაული 6 თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები