ანალიტიკა

აფხაზეთი საქართველოა!

07.02.22 17:00


რუსეთში მოაზროვნე ადამიანები იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქართული ტერიტორიების ოკუპაცია და იქ კვაზი „დამოუკიდებელი“ სახელმწიფოების შექმნის მცდელობა უიმედო ჩიხშია. რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე უზარმაზარი ფულადი სახსრების შეტანის მიუხედავად, სეპარატისტებმა ვერ შეძლეს თვითკმარი ეკონომიკის მაგვარი სისტემის შექმნაც კი.

 

შედეგად, იგივე სეპარატისტული აფხაზეთი ძირითადად ცხოვრობს არა რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების, არამედ საქართველოს ხარჯზე. მაგალითად, ის მოიხმარს ელექტროენერგიას ენგურჰესიდან, ისე რომ არ აწუხებს მის ტერიტორიაზე ელექტრო ქსელების ელემენტარული მოდერნიზაცია, რის გამოც ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა სეპარატისტებში ჩვეულებრივი მოვლენაა. აფხაზეთის სამომხმარებლო ბაზარი შენარჩუნებულია დანარჩენ საქართველოსთან უკანონო ვაჭრობით  ენგურის გავლით. პარადოქსი კი ის არის, რომ მიუხედავად გააფთრებული ქართველთმოძულეობისა, სეპარატისტთა დამოკიდებულება საქართველოზე სინამდვილეში მხოლოდ იზრდება.

 

რუსეთში უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც არ უსმენენ გაშმაგებულ ქართველთმოძულე პროპაგანდას, არ ეშინიათ სიმართლისათვის თვალის გასწორება და გულწრფელად აღიარებენ, რომ  „აფხაზეთი საქართველოა!“. მათ რიგებშია პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფიის დოქტორი, რუსეთის ფედერაციის პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი, ტატიანა პოლოსკოვა (რუსეთის ფედერაცია). გთავაზობთ მის მასალას „აფხაზეთი საქართველოა! (მეგრელი ბიჭების ბრძოლა თუ ვინ გახსნის აფხაზურ კვანძს?)“ გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალის „კავკასია და მსოფლიო“ ვებგვერდზე:

 

„21-ე საუკუნის 20-იანი წლებისთვის ცხადი გახდა, რომ საქართველოსგან მოწყვეტილ და რუსეთთან დე ფაქტო მიბმულ აფხაზეთის ტერიტორიაზე „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ აშენების ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა.

უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ამ ტერიტორიას არ გააჩნია ეკონომიკური, ფინანსური და ადმინისტრაციული პოტენციალი, რათა თავისთვის უზრუნველყოს  ნამდვილი სუვერენიტეტი. რაც, სხვათა შორის, საჯაროდ აღიარა რუსეთის ყოფილმა ელჩმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა. შეუძლებელია სერიოზულად ვისაუბროთ აფხაზეთის განვითარებაზე, რომელიც ოცდაათი წელია, ინვესტიციების ფონზეც კი (და არა მარტო რუსეთიდან) ვერ ახერხებს საკურორტო ობიექტების უმეტესობისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენას, დარჩა ქალაქი-მოჩვენებების ამარა.

 

უფრო მეტიც, მიუხედავად ქართველთმოძულეობისა (სხვათა შორის დღეს არაა დამახასიათებელი მთელი აფხაზური საზოგადოებისთვის), ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ მითების შექმნისა, რომელიც აქტიურად იყო ჩანერგილი მასობრივ ცნობიერებაში, თანამედროვე აფხაზეთი, სინამდვილეში მთელი რიგი მაჩვენებლებით იყო და კვლავაც რჩება საქართველოს შემადგენლობაში. საერთაშორისო სამართლის მიხედვით ეს არის საქართველოს ტერიტორია. აფხაზეთი ხუთმა ქვეყანამ სცნო „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“. მეტიც, სამმა მათგანმა ეს აშკარად  რუსეთის ზეწოლის ქვეშ გააკეთა.

ეს არის სირია, ოდესღაც ნავთობით მდიდარი ქვეყანა, რომელიც ახლა განიცდის არა მხოლოდ საკვების, არამედ ბენზინის საშინელ დეფიციტს და ცდილობს გაუმკლავდეს ომის საშინელ შედეგებს. ეს გახლავთ  ნიკარაგუა მარადიული პრეზიდენტით და მისი ოჯახური ბიზნესით, რომელიც მოგებას იღებს ერთდროულად როგორც რუსეთიდან, ასევე შეერთებული შტატებიდან და ვენესუელა, რომელიც ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისის პირობებშია. ამ ქვეყნებში რეჟიმების შეცვლის შემთხვევაში, ეს კი ადრე თუ გვიან მაინც მოხდება, ყველა მიღწეული შეთანხმება ადვილად გაუქმდება, რადგან აფხაზეთი, ყველა საერთაშორისო სტანდარტით, საქართველოს ტერიტორიაა. მისი დღევანდელი ხელისუფლება კი არ არის გადაწყვეტილების მიმღები და ხელმოწერის უფლების მქონე.

 

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სინამდვილეში აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში რჩება ეკონომიკური ასპექტითაც. რუსული ოფიციალური გამოცემები აღნიშნავენ, რომ აფხაზეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი რუსეთია. მერე თურქეთი. სინამდვილეში, ადგილობრივი მოსახლეობა ძირითად შემოსავალს საქართველოდან კონტრაბანდიდან ღებულობს. სამრეწველო საქონლის 40 პროცენტამდე იქიდან მოდის. ეს საქონელი არ გაივლის საბაჟოს, არ იხდის გადასახადებს და მთელი მოგება მიდის კონკრეტული კლანების წარმომადგენლებზე, რომლებიც აკონტროლებენ "გაჟონვის" საზღვრის გავლით. ამიტომ, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან დაინტერესებულნი საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონებით, არა პოლიტიკური მიზეზების გამო, არამედ მოგების დაკარგვის შიშით. კონტრაბანდის საწინააღმდეგო ნაკადი აფხაზეთიდან საქართველოში მიდის. ეს არის თაფლი, თხილი და მანდარინი.

 

აღსანიშნავია, რომ გაღატაკებულ აფხაზეთში ჩრდილოვანი ეკონომიკა წელიწადში 3-4 მილიარდ რუბლს შეადგენს. ამას ემატება ქრთამის და „დაცვის“ სისტემა, რომელიც განვითარდა წლების განმავლობაში (ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში), მათ შორის სამართალდამცავების მხრიდან.

 

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნარკოტრაფიკს ორივე მიმართულებით. გაითვალისწინეთ, რომ ეს თემა რუსი ექსპერტებისა და ჟურნალისტებისთვის პრაქტიკულად დახურულია. იყო შემთხვევები, როცა რუს სპეციალისტებს წინასწარ აფრთხილებდნენ და არა აფხაზური მხრიდან, არ გამოეჩინათ ინტერესი ამ საკითხისადმი  და „არ ჩაღრმავებოდნენ“ საკითხს ამ მიმართულებით.

 

სწორედ კონტრაბანდულ რესურსზე წვდომისთვის და რუსეთისგან, კორუმპირებული მოსკოვის ჩინოვნიკებთან ერთად, საბიუჯეტო ასიგნებების „დანახვის“ შესაძლებლობისთვის მიმდინარეობს ბრძოლა მრავალ აფხაზურ პოლიტიკურ პარტიას შორის. შემთხვევითი არ არის, რომ საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის (უკვე გასული) 12 მარტს გაიმართა. ჩამოყალიბდა გარკვეული ერთობლივი საბჭო, რომელშიც  სხვა საკითხებთან ერთად შედის აფხაზეთის კაზაკთა ორგანიზაციების წარმომადგენელი, ამ საბჭოს პროგრამის ერთ-ერთი პუნქტია საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზაცია.

 

უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე აფხაზეთი არა მხოლოდ ეკონომიკურად არის მჭიდროდ დაკავშირებული საქართველოსთან. აფხაზეთის მაცხოვრებლები, თანაც არა მხოლოდ საზღვრისპირა ტერიტორიებიდან, ამჯობინებენ საგანმანათლებლო და სამედიცინო მომსახურების საქართველოში მიღებას. არც მრავალრიცხოვანი ნათესაური კავშირების უგულებელყოფა შეიძლება. საქართველო აფხაზეთიდან არსად წასულა. პირიქით, მისი იქ ყოფნა საკმაოდ თვალსაჩინოა  და უფრო თვალსაჩინო იქნებოდა, რომ არა რუსული სამხედრო ბაზები აფხაზეთში. ბევრი ქართველი პოლიტიკოსი შემთხვევითით არ ამბობს, რომ რუსეთი ჩაურევლობის შემთხვევაში საქართველოსა და აფხაზეთს შორის მოლაპარაკების პროცესი გაცილებით ეფექტური იქნებოდა.

 

მმართველი სტრუქტურების ბრძოლა ოპოზიციასთან (რომლებიც ადგილებს გამუდმებით იცვლიან და ძირითადად გადატრიალების გამო სამთავრობო უწყებების ფანჯრებსა და კარებს სკამით ურტყამენ) მეგრელი ბიჭების ბრძოლაა რესურსზე წვდომისთვის. ათწლეულების მანძილზე კლანებისა და ადგილობრივი ელიტების ცვლილებას არ მოუტანია კარდინალური ცვლილებები უბრალო ხალხის ცხოვრებაში.

და ეთნიკური შემადგენლობის თვალსაზრისით, მეგრელები დომინირებენ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. მათ შორის ისინიც, ვინც გზად "ფერი"იცვალა და მიუხედავად მათი გვარისა თავს აფხაზი უწოდა. იგივე სიმარტივით, ქვეყანაში ვითარების შეცვლის შემთხვევაში  მათ შეუძლიათ ისევ "იცვალონ ფერი".

 

აბა ვინ შეაჩერებს მეგრელი ბიჭების ბრძოლას და ვინ გახსნის აფხაზურ კვანძს?

 

აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება არ არის რთული პროცედურა. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს შესაძლებელია მხოლოდ რუსეთში ხელისუფლების შეცვლით - საუბარია პიროვნებებზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი რუსული ელიტა ხშირად ხელმძღვანელობს არა გეოპოლიტიკური მიზნებით, არამედ პირადი ან კორპორატიული ბიზნეს ინტერესებით. და თუ არსებობს ამ ინტერესების შენარჩუნების გარანტიები, მაშინ ვარიანტებიც დასაშვებია.

 

აფხაზურ ოპოზიციაში რუსეთთან ურთიერთობის ამჟამინდელი ფორმატის მოწინააღმდეგეები არიან. საყურადღებოა იმათი ნაწილიც, სოციალური ქსელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,  ვინც მიიჩნევს, რომ შეუძლებელია რუსეთთან დათმობაზე წასვლა კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით, აფხაზეთის მოქალაქეებთან საერთო საფუძველზე უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობის მიცემის კუთხით. მაგრამ რეალური ძალა, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენაზე და მით უმეტეს მასთან შეერთებაზე აფხაზეთში არ მოიძებნება. და საქმე არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნაშია (დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო ქართული მხრიდან), არამედ იმაში,  რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ჩამორთმეული ბინები, სახლები, საქმიანი ობიექტები კანონიერ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს.

 

მნიშვნელოვანია შემდეგი რამ. 2008 წელს და 2022 წელს საერთაშორისო ვითარება სრულიად განსხვავებულია. ისევე როგორც რუსეთი 2008 წელს და ახლა, როდესაც ის იმყოფება უმძიმესი ეკონომიკური და შიდაპოლიტიკური კრიზისის, მოსახლეობის მორალური დეზორიენტაციისა და მენეჯერული პერსონალის პროფესიული მომზადების დონის მკვეთრი ვარდნის პირობებში. 2008 წელს რუსეთს, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა გარე პარტნიორებთან, მოლაპარაკების უნარი საკმაოდ გააჩნდა. და წამყვან სახელმწიფოებს  მკვეთრი ნაბიჯები არც გადაუდგამს აფხაზეთის მოვლენებში რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 

დღევანდელი ვითარება სხვაგვარია. რუსეთის ნამდვილი მოკავშირეები თითებზე ჩამოსათვლელად დარჩა. ან კიდევ არიან კი ისინი მოკავშირეები? მაგალითად, მე არ ვიზიარებ ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ბოლო შეხვედრის შედეგების გარშემო მგზნებარე ენთუზიაზმს. დიახ, რუსეთს იმედი აქვს, რომ ჩინეთი მხარს დაუჭერს მას ნატოსთან კონფლიქტში, მაგრამ ჩინეთისთვის მომგებიანია, რომ მოსკოვის კონფლიქტი დასავლეთთან გაგრძელდეს და ამით დასუსტდეს.

 

აფხაზეთზე საუბრისას ექსპერტები ხშირად იყენებენ ტერმინს „ტურბულენტობა“. მაგრამ ამჟამად ტურბულენტობის ეტაპზე თავად რუსეთია. და სადაო არ არის, რომ იგი ამ ვითარებიდან სერიოზული დანაკარგების გარეშე გამოვა. მჯერა თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის ალბათობის? რა თქმა უნდა მჯერა. უფრო მეტიც, ეს კონფლიქტი უკვე მიმდინარეობს და არა ერთი, არამედ რვა წელია 2014 წლიდან.

 

მაგრამ მე არ მჯერა რუსეთის უპირობო და მარტივი გამარჯვებისა. და რომ მჯეორდეს რა შეიცვლებოდა? ომი არის სისხლი, მსხვერპლი და ნგრევა. ომი დიპლომატიის უმწეობისა და არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია. მაგრამ უკვე გვიანია ამაზე საუბარი. უკრაინასთან ლოკალური კონფლიქტის ვარიანტი, როგორც რუსეთის ჭეშმარიტი სამხედრო შესაძლებლობების გამოცდა, არც ისე საეჭვოა.

 ნებისმიერი ადგილობრივი კონფლიქტი შეიძლება გადაიზარდოს უფრო დიდ კონფლიქტში. უკვე დაყოფილი სამყაროს გადანაწილებისთვის კიდევ ერთი ბრძოლა მიმდინარეობს და ამ საჭადრაკო დაფაზე საქართველოს შეუძლია წარმატებულად ითამაშოს.

 

 

ტატიანა პოლოსკოვა

 

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფიის დოქტორი, რუსეთის ფედერაციის პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი,  რუსეთის ფედერაცია.

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები