პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ხელისუფლება მოქმედებს ორი პრინციპით, მტკიცე მხარდაჭერა უკრაინას, ომის არდაშვება საქართველოში

04.03.22 16:20


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და ყველანაირად ცდილობს როგორც ხელისუფლება, ისე ქართველი ხალხი, რომ უკრაინას დაეხმაროს.

 

მისივე თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ინსტრუმენტია უკრაინის მიმართ პოლიტიკური თანადგომა.

 

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენი აბსოლუტური სოლიდარობა არის უკრაინელი ხალხის მიმართ და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მთავარი ამოცანა იყო ომის არდაშვება.

სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ შეძლო, რომ არ დაეშვა ომი და აღდგომოდა წინ ამ ომს. ახლა მთავარი ამოცანა არის, ომის შეჩერება. ამაში მგონი, ყველა ვთანხმდებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა სოლიდარული ვართ, გვერდში ვუდგავართ უკრაინელ ხალხს და ყველანაირად ვცდილობთ როგორც ხალხი, ასევე ხალხის სახელით საქართველოს ხელისუფლება გვერდში უდგას უკრაინას. ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გახლავთ პოლიტიკური თანადგომა, ვინაიდან შეიძლება, ჩვენ გვაქვს ეკონომიკურად რთული მდგომარეობა, ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება არ იყოს იმავე მოცულობის, რაც იქნება დასავლეთის ქვეყნების ჰუმანიტარული დახმარება. შეიძლება, ჩვენ არ შეგვიძლია იმდენი ლტოლვილის მიღება, რამდენიც შეუძლია ტერიტორიულად უფრო დიდ სახელმწიფოებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთივე ერთი ხმა საერთაშორისო ფორუმებზე, როგორი ერთი ხმაც აქვს აშშ-ს თუ სხვა ნებისმიერ დიდ ქვეყანას. პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ისეთივე ფასეულია, როგორიც ყველა სხვა დიდი ქვეყნის, საშუალო თუ მცირე ქვეყნის, ამიტომ მთავარი იარაღი და ინსტრუმენტი, რაც ჩვენ გვაქვს მხარდაჭერისთვის, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, რასაც ჩვენ ვიჩენთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზოგადად, სანქციების დაწესება მარტივი არ არის, მათ შორის არც ევროკავშირისთვის.

 

„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა სანქციების საკითხს და მებრძოლების ორგანიზებულ გაგზავნას უკრაინაში. ეს გახლავთ არა მხოლოდ საქართველოს პოზიცია, იცით, რომ სანქციების დაწესების საკითხი რთული საკითხია, მათ შორის ევროკავშირში ხოლმე. ზოგიერთ საკითხზე თანხმდებიან, რომ დააწესონ სანქციები, ზოგიერთზე – არა. ჩვენ ვუსმინეთ მათ შორის უკრაინის ხელისუფლების პოზიციას, მათ მოწოდებას საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, რომ მაგალითად, ჩაკეტონ უკრაინის საჰაერო სივრცე, მაგრამ როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას ვერ ახერხებს. ანუ ბევრია ინსტრუმენტი, რომელსაც ითხოვს უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ევროპიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ამის რესურსი ან გადწყვეტილება არ არის. ჩვენი მხრიდან რაც არის დახმარება, უკვე მოგახსენეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, საქართველო ორგანიზებულად უკრაინაში მებრძოლების გაგზავნაში ვერ ჩაერთვება, რადგან ეს აღქმული იქნება საბრძოლო მოქმედებებში ჩართვად. როგორც პაპუაშვილი ამბობს, ამაზე პოზიცია დააფიქსირა არა მხოლოდ საქართველომ, არამედ სხვა სახელმწიფოებმაც.

 

„რაც შეეხება მებრძოლების ორგანიზებულ გაშვებას სახელმწიფოს მხრიდან. ამაზე პოზიცია აქვს არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, არამედ ჩვენ მოვისმინეთ ინგლისის პრემიერ-მინისტრის, პოლონეთის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ეს აღქმული იქნება, როგორც ჩართვა საბრძოლო მოქმედებებში და რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო ორგანიზებულად, მებრძოლების გაგზავნაში ვერ ჩაერთვება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კითხვაზე: „არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩათრევის“, პაპუაშვილმა განაცხადა:

 

„სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ამის პირდაპირ ნიშნებს, რომ არის მცდელობა, საქართველო გახდეს მონაწილე სამხედრო დაპირისპირების. სხვადასხვა დონეზე გვესმის ეს განცხადება, კერძო პირების, კერძო აზრები, სხვადასხვა ჯგუფის პროვოკაციული მოქმედებები. ეს რთული პროპაგანდისტული მდგომარეობა არის, რაშიც ახლა იმყოფება მთლიანად მსოფლიო და რა თქმა უნდა, საქართველოც.

ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – სიმშვიდე და მშვიდობის შენარჩუნება იმ ხალხის მხრიდან, რომლებსაც სურთ, ჩვენს ქვეყანაში, არ იყოს მშვიდობა.

სამწუხაროდ, ასეთი ბევრი ჯგუფი არის, რომელსაც სურს აქ არეულობა. ამიტომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა დღესდღეობით არის ორი. ერთი – ეს არის უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა და მეორე – ეს გახლავთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება. ამ ორი მიზნის და პრინციპის მიხედვით მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება – მტკიცე მხარდაჭერა უკრაინას, ომის არდაშვება საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ამასთან, ჟურნალისტებმა პაპუაშვილს სთხოვეს შეფასება იმ ფაქტის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს გეგმავს, მიმართოს ქართველ ხალხს. პაპუაშვილი ამბობს, რომ როგორც იცის, ზელენსკის სურს, მსოფლიოს სხვადასხვა ერებს მიმართოს და მადლობა უთხრას სოლიდარობისთვის, რასაც უკრაინის მიმართ გამოხატავენ.

 

„როგორც ვიცი, მას სურს, რომ მსოფლიოს მიმართოს დღეს და სხვადასხვა ერებს მიმართოს სოლიდარობისთვის მადლობის კუთხით. რა თქმა უნდა, საქართველო, მისი ხალხი, მისი ხელისუფლება გვერდში უდგას უკრაინას. რა თქმა უნდა, მადლიერება თუ იქნება გამოხატული მისი მხრიდან, მისასალმებელია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები