პოლიტიკა

საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაცია ეწვია

06.07.22 16:00


საქართველოში ვიზიტით იმყოფება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაცია.

 

ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს რობერტ სპანოს, მოსამართლე ლადო ჭანტურიას და სასამართლოს მეხუთე სექციის რეგისტრს ვიქტორ სოლოვეიჩიკს დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ უმასპინძლა.

 

ოფიციალური მიღებისა და აუდიენციის შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და სტუმრებმა პლენუმის დარბაზში გადაინაცვლეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და დელეგაციის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა.

 

ნინო ქადაგიძემ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რობერტ სპანოს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, და ამ კუთხით, საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების დაახლოების პროცესის ხელშეწყობაზე ისაუბრა.

 

დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმაც. შეხვედრაზე რობერტ სპანომ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ. აღნიშნა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ამ გზაზე მართლმსაჯულების სისტემას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

 

როგორც ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მოსამართლეები სტრასბურგის სასამართლოს ოჯახის წევრები არიან.

 

გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების გამოყენების პრაქტიკა და ხაზი გაესვა ევროპული სტანდარტების ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესს.

 

შეხვედრის დასასრულს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდნეტმა და დელეგაციის წევრებმა უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/           

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები