მსოფლიო

ყარაბაღი სომხებისგან დაიცლება? – რას ფიქრობენ ბაქოში ლაჩინის კონტროლზე

26.04.23 14:00


2023 წლის 23 აპრილს აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურმა ლაჩინის კორიდორის შესასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩადგმის შესახებ ცნობა გაავრცელა. ლაჩინის კოროდორი ყარაბაღს სომხეთს, შესაბამისად, გარე სამყაროს აკავშირებს. 

 

აზერბაიჯანმა ყარაბაღელებს გზა, გამშვები პუნქტის ჩადგმით, ოფიციალურად გადაუკეტა.

 

აზერბაიჯანის ოფიციალური ვერსიით, გამშვები პუნქტი საჭიროა იმისთვის, რომ სომხეთიდან ყარაბაღში უკანონო სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლა აღკვეთოს. 

 

როგორც მოსალოდნელი იყო, სომხური მხარე აზერბაიჯანის მიერ სტრატეგიულად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზაზე კონტროლისა და მთლიანად ყარაბაღზე კონტროლის გაძლიერებით აღშფოთდა. მათი რწმენით, აზერბაიჯანი ცდილობს მაქსიმალურად გაართულოს ყარაბაღელი სომხების ცხოვრება, აიძულოს ისინი თავი დაუცველებად იგრძნონ და ყარაბაღიდან სამუდამოდ “ამოიკვეთონ”.

 

საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამოჩენა ლაჩინის კორიდორში მოსალოდნელი იყო. აზერბაიჯანი დიდი ხანია აცხადებდა, რომ სომხეთი “ფართომასშტაბიანად და უთანასწოროდ იყენებს ლაჩინის კორიდორს სომხეთს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის როტაციისთვის, იარაღის და საბრძოლო მასალების გადასატანად, ტერორისტების გადასაყვანად, ასევე ბუნებრივი რესურებისა და კულტურული ფასეულობების უკანონოდ გასაზიდად”. 

 

ასეთი გადაზიდვების შედეგი, აზერბაიჯანის განცხადებით, რეგულარული პროვოკაციები და ესკალაციებია. მარტის დასაწყისში მორიგი ესკალაციის შემდეგ [როდესაც  სომხეთმა და აზერბაიჯანმა ტრადიციულად ერთმანეთი დაადანაშაულეს], რამდენიმე აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ადგილობრივ მედიებში, ლაჩინის გზაზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის საჭიროებაზე გამოთქვეს მოსაზრება. 

 

ამჟამად, როდესაც გამშვები პუნქტი უკვე არსებობს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ “აზერბაიჯანის ყარაბაღის რაიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობისთვის შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა რეგულირებული გადაადგილებისთვის, მათ შორის ტრანსპორტის”. 

 

აზერბაიჯანის საგარეო უწყების თანახმად, ეს ნიშნავს იმას, რომ ლაჩინის კორიდორით გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები სომხებს არ შეექმნება. 

 

გადაადგილების პრობლემები გამშვეიბ პუნქტის მოწყობამდე ადრე, 2022 წლის დეკემბრიდან დაიწყო, როდესაც თვითგამოცხადებულმა აზერბაიჯანელმა ეკო-აქტივისტებმა აქციების გამართვა დაიწყეს.

 

ოფიციალური ბაქო ირწმუნება, რომ აქციებთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა, არა მხოლოდ სომხეთში ან მესამე ქვეყნებში, თავად აზერბაიჯანშიც ბევრია დარწმუნებული, რომ ე.წ. “ეკო აქტივისტები” აზერბაიჯანის მთავრობის მიერ იმართებოდნენ. შესაბამისად, ამ ხაზს თუ გავყვებით, გამშვები პუნქტის გახსნა ლოგიკური გაგრძელება ან დასრულება იქნებოდა. 

 

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი გაჯი ნამაზოვი არ გამორიცხავს ალბათობას, რომ ლაჩინის კორიდორში აქციები, საბოლოოდ, დასრულდება. 

 

“ამიერიდან შეუძლებელი გახდება სომხეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო გატანა. ასეთი ტვირთით მანქანები უბრალოდ ვერ დატოვებენ აზერბაიჯანს. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, აქციის შეწყვეტა შესაძლებელია”. 

 

ერევანსა და ხანქენდში/სტეპანაკერტში საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობა 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების [რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაფორმდა რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის] უხეშ დარღვევად შეაფასეს. აღნიშნული შეთანხმების მეექვსე პუნქტი აზერბაიჯანს “ლაჩინის კორიდორით მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ნებისმიერი მიმართულებით ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას” ავალდებულებს.  

 

პასუხად, გაჯი ნამაზოვი იხსენებს ამავე შეთანხმების მეცხრე პუნქტს, სადაც საუბარია აზერბაიჯანის ძირითადად ნაწილსა და მისი ექსკლავის – ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის შეუზღუდავ მიმოსვლაზე. 

 

“შეთანხმების ხელმოწერიდან ორნახევარი წელი გავიდა. სად არის ეს გზა? ერთი მეტრი სიგრძის ასფალტიც კი არ არის დაგებული”, – ამბობს ნამაზოვი და გულისხმობს იმას, რომ სომხურმა მხარემ შეთანხმების საკუთარი ნაწილი აქამდე არ შეასრულა.

 

მისივე განმარტებით, აზერბაიჯანმა დამოუკიდებლად ააშენა ალტერნატიული ლაჩინის გზა და სრული უფლებაც აქვს მასზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოაწყოს.

 

პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი ასევე იხსენებს 2020 წლის შეთანხმების მეექვსე პუნქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ გაუჭირდება ამ პუნქტის ინტერპრეტაცია საკუთარი თავის სასარგებლოდ. 

 

“მეექვსე პუნქტში ნახსენებია კორიდორით “უსაფრთხო მოძრაობა”. თუ აზერბაიჯანის წინააღმდეგ, მაგალითად, სარჩელებს შეიტანენ ან შეეცდებიან სანქციები დააწესონ შეთანხმების დარღვევისთვის, ის იტყვის: “მაშ, როგორ უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება, თუკი არ მოგვეცემა ტვირთის კონტროლის შესაძლებლობა?” დარწმუნებული ვარ, ბაქოს პასუხი სწორედ ასეთი იქნება”. 

 

მეორე მხრივ, რზაევი მიიჩნევს, რომ გამშვები პუნქტის მოწყობით, რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება მოსალოდნელი. და თუკი მაინც შეიცვლება რამე, ცვლილებები პოზიტიური იქნება. 

 

“ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა გამშვები პუნქტის გარეშეც უკვე, თითქმის, მეხუთე თვეა ნაწილობრივ ბლოკადაშია ე.წ. ეკო-აქტივისტების ორგანიზებული აქციების გამო. ამასთან, აზერბაიჯანული მხარე სომხებს რეგულარულად ადანაშაულებდა იმაში, რომ იყენებენ “საიდუმლო გრუნტის გზებს” და იარაღი გადაჰქონდათ. ახლა კი, ეს ბრალდებები მაინც მოიხსნება. გამშვები პუნქტი დგას ერთადერთ ხიდზე, რომელიც ლაჩინის კორიდორს სომხეთის ტერიტორიასთან აკავშირებს. ტვირთი ორივე მიმართულებით აზერბაიჯანელი მესაზღვრეებისა და რუსი სამშვიდობოების მიერ გაკონტროლდება. ანუ კონტრაბანდა ფიზიკურად შეუძლებელი გახდება და აზერბაიჯანი აღარ დაადანაშაულებს ამაში სომხეთს”. 

 

პოლიტიკური მკვლევარი ბახრუზ სამადოვი პროგნოზირებს, რომ ყველა ეს მოვლენა ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის  50%-60%-ის გადინებას გამოიწვევს. მისი აზრით, აზერბაიჯანის მთავრობის მთავარი მიზანი ყარაბაღის “დე-სომხეთიზაციაა” და ამ მიზანს ის თანდათანობით აღწევს. 

 

შაჰინ რზაევის აზრითაც, ეს, შესაძლოა, არც იყოს ყველაზე ცუდი ვარიანტი:

 

“მე ვერ წარმომიდგენია, რომ ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანული პასპორტებით იცხოვრებენ და მათი კაცები აზერბაიჯანის ჯარში იმსახურებენ. შვილები კი აზერბაიჯანული სახელმძღვანელობით ისტორიას შეისწავლიან. ეს შეუძლებელია. სხვაა საკითხია ის, რომ გადასახლების პროცესი მშვიდობიანად უნდა წარიმართოს, ძალადობისა და იძულების გარეშე და რომ ყარაბაღელმა სომხებმა, რომლებიც დატოვებენ საკუთარ სახლებს, აზერბაიჯანის სახელმწიფოსგან ღირსეული კომპენსაციები უნდა მიიღონ”. 

 

აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი რასიმ მუსაბექოვი, რომელიც ჯერ კიდევ მარტში ემხრობოდა გამშვები პუნქტის მოწყობას და აზერბაიჯანის მხრიდან სრულ სამხედრო კონტროლს, ამბობს, რომ “შემდეგი მოვლენები მშვიდობიანი სცენარით განვითარდება”, საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობაზე დასავლეთის ამჟამინდელ პროტესტებს კი, უაზრო მცდელობებს უწოდებს.

 

“ბაქო უგულებელყოფს მათ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. რაც შეეხება სამხედრო მოქმედებების განახლებას, ეს რისკი უკვე მინიმალურია”, – ამბობს აზერბაიჯანელი დეპუტატი. 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები