მსოფლიო

ვის ექმნება პრობლემები აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების აკრძალვის გამო - DW

12.06.23 15:00


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შესახებ გამოაცხადა. აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები კი „საკარანტინო რეჟიმის “ გამო კვლავ დაკეტილია. ვის ექმნება პრობლემები და როდის შეიცვლება სიტუაცია - ამაზე სტატიას Deutche Welle ავრცელებს.

 

უკვე სამი წელია აზერბაიჯანში ჩასვლა ან აზერბაიჯანიდან გასვლა ამ ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლიათ. უცხოელებს კი საზღვრის გადაკვეთის უფლება აქვთ, რის გამო აზერბაიჯანული პასპორტების მფლობელები გაოცებულები არიან.

 

უცხოელებისთვის გამონაკლისი არსებობს
ის, რომ უცხოელებს აზერბაიჯანში ჩასვლა და იქიდან გასვლა სახმელეთო გზითაც შეუძლიათ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე წერია, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა ადამიანმა არ იცის. ასე, მაგალითად ქართული ტურისტული კომპანიის მფლობელი სახელად იური, ამბობს, რომ ამის შესახებ შემთხვევით შეიტყო და ძალიან გაუკვირდა.

 

„თავიდან ჩვენ ამას არ დავუჯერეთ და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებში ვცადეთ გადამოწმება, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. მაშინ საზღვარზე წავედით, მესაზღვრეებს გავესაუბრეთ და დავრწმუნდით, რომ ეს სიმართლეა. უცხოელებისთვის შეზღუდვა 2022 წლის ივნისში მოიხსნა. შესაბამისად, ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ტურები აღვადგინეთ და ახლა დაგვყავს უცხოელები მარშრუტით აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი“, - ამბობს იური.

 

ამასთანავე, იურისტი ლალა დარჩინოვა ამბობს, რომ აზერბაიჯანელ მესაზღვრეს შეუძლია უცხოეთის მოქალაქეც არ შეუშვას, რადგანაც აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში შეზღუდვების გაუქმებაზე არაფერი არ წერია, ხოლო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გავრცელებული ინფორმაცია ნორმატიული აქტი არ არის.

 

ჩემოდანი-აეროპორტი-თბილისი
აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ხუთ სახელმწიფოსთან - სომხეთთან, საქართველოსთან, ირანთან, რუსეთთან და თურქეთთან აქვს. კორონავირუსის წინა პერიოდში საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს შორის.

 

იქ უამრავი ადამიანი მიდიოდა - აზერბაიჯანელი ტურისტებით დაწყებული, რომელთაგან ბევრისთვის თბილისში დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობა საზღვარგარეთ დასვენების თითქმის ერთადერთი შესაძლებლობა იყო და დამთავრებული მძღოლებით, რომლებიც იაფ სათადარიგო ნაწილებს და მეორად მანქანებს ყიდულობდნენ. დამკვირვებლების შეფასებით, თბილისი გახდა ერთგვარი სამხრეთ კავკასიის ჰაბი, და ამაზე წვდომის შეზღუდვამ შედეგები სხვადასხვა სფეროზე მოახდინა.

 

ადრე აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოსვლა მატარებლით, ავტობუსით, მანქანით ან თუნდაც ავტოსტოპით იყო შესაძლებელი. ახლა ერთი მიმართულებით მოგზაურობა ბარგის გარეშე მინიმუმ 60 ევრო ღირს – და ესეც იმ შემთხვევაში, თუ ბილეთს ერთი თვით ადრე იყიდით. სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის აკრძალვით ყველაზე მეტად დაზარალდა როგორც აზერბაიჯანელები, ისე ეთნიკურად ქართველებით დასახლებული საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობა, რომლებსაც აზერბაიჯანის მოქალაქეობა აქვთ.

 

ზურაბიშვილი აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებს იცავს
საზღვრის მეორე მხარეს, სულ რამდენიმე კილომეტრში, ბევრს ჰყავს ნათესავები, რომლებიც სამი წელია არ უნახავთ. და ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, რადგანაც ისინი ეწეოდნენ წვრილმან ვაჭრობას, რომელიც საზღვრის რეგულარულ გადაკვეთასთან იყო დაკავშირებული.

 

ამ პრობლემაზე ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, რომელმაც განცხადება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის კონტექსტში გააკეთა. ზურაბიშვილის პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლებას ეხებოდა. პრეზიდენტის თქმით, თუ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ ასე აინტერესებს რუსეთში მცხოვრები ქართველების გადაადგილების შესაძლებლობა, მაშინ იფიქროს აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებზეც, რომლებიც საქართველოში ჩასასვლელად ჯერ ბაქოში უნდა წავიდნენ და იქიდან თბილისში გამოფრინდნენ. რაც მათი უმეტესობის შესაძლებლობებს აღემატება.

 

როდის გაიხსნება აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი?
ბაქოს ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანელებს ეკრძალებათ ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა ანტი-COVID-ის კარანტინის გამო, თავად ქვეყანაში აშკარად აღარ სჯერათ, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სხვა ანტი-COVID შეზღუდვა დიდი ხანია მოხსნილია. არსებობს რამდენიმე ვერსია - მათ შორის შეთქმულების თეორიები. ეს სია გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მუდმივად იცვლება.

 

ყველაზე ახალი ვერსია ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა გააჟღერა: მისი აზრით, ბაქო სახმელეთო საზღვრებზე შეზღუდვებს  ირანთან ომის საფრთხის გამო ინარჩუნებს. სხვათა შორის, აზერბაიჯანის ბევრი მცხოვრები მანამდე ირანში  სამკურნალოდ დადიოდა - ის შედარებით იაფი და ხარისხიანია. თეირანში თვითმფრინავით გასაფრენად, სტამბოლში გადაჯდომით, ამ ადამიანების უმეტესობას, როგორც ჩანს, ფული არ აქვთ.

 

"მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ ფსიქოლოგიური ასპექტიც. იმის შეგრძნების გამო, რომ ქვეყანას როცა გინდა, ვერ დატოვებ, თავს მახეში გრძნობ", - ამბობს ბაქოს მკვიდრი რუსლან ბალუხინი. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანის ოპოზიციის წარმომადგენლებმა სცადეს ბაქოში საპროტესტო აქციის გამართვა  ქვეყნის სახმელეთო საზღვრების გახსნის მოთხოვნით. პოლიციამ აქცია დაარბია, მისი რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

 

იმავდროულად, სახელისუფლებო მედიამ, ასევე ცალკეულმა ოფიციალურმა პირებმა და პოლიტიკოსებმა უკვე დაიწყეს აზერბაიჯანის ეკონომიკაზე და მისი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე დაკეტილი სახმელეთო საზღვრის უარყოფით გავლენაზე საუბარი. რიტორიკული კითხვა, თუ რატომ არის დაკეტილი სახმელეთო საზღვარი, შეიცვალა კითხვით, თუ როდის გაიხსნება ის.

 

„სპეციალურ საკარანტინო რეჟიმს“ ხელისუფლებას ყოველ ორ თვეში ერთხელ აგრძელებს. ბოლო დროს, როდესაც ის 1 ივლისამდე გაგრძელდა, პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას აპრილის ბოლოს - ჯანმოს მიერ კოვიდ პანდემიის დასრულების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე. ახლა, როგორც ჩანს, ბაქოს სახმელეთო საზღვრების დახურვის ფორმალური მიზეზები აღარ აქვს და 1 ივლისს აკრძალვა უნდა მოიხსნას. მაგრამ ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები