მსოფლიო

“დუმილი სიკვდილის ტოლფასია” – დე ფაქტო ყარაბაღი პუტინს მიმართავს

04.07.23 15:30


ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუტუნიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ყარაბაღში შექმნილი პოლიტიკური და ჰუმანიტარული კრიზისის გამო დახმარებას სთხოვს.

 

2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღელებისთვის ერთადერთი სასიცოცხლო გზის – სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნა. დეფიციტია როგორც საკვები პრუდუქტის, ასევე, საწვავისა და მედიკამენტების.
პუტინისადმი მიწერილი წერილის შესახებ დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე ტიგრან პეტროსიანი წერს. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.


“ხელისუფლების პუტინისთვის გაგზვნილ წერილში აღწერილია ქვეყნისა და ხალხის მძიმე მდგომარეობა. ვფიქრობ, თუ უკვე ხვალ ვერ დავინახავთ რუსეთის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს დუმილი სიკვდილის ტოლფასი იქნება. მოდით, მოვითმინოთ ხვალამდე და უკვე შემდეგ, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ღირსებისთვის ვულკანივით მოგვიწევს აფეთქება”, – წერს პეტროსიანი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

 

მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უმრავლესობას თავად ყარაბაღისა და სომხეთის ხელისუფლებაზე მეტად, რუსეთის პრეზიდენტის დაპირების სჯეროდათ, რომ უსაფრთხოდ და ღირსეულად იცხოვრებდნენ.

 

“დღეს ჩვენ არ ვცხოვრობთ, გადარჩენა გვიწევს. მათ კი, ვინც უსაფრთხოებას, ღირსებასა და თავისუფალ გადაადგილებას გვპირდებოდა, საკუთარი თავისთვის   რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში] ვერტმფრენით შემოაქვთ საკვები, ჩვენ კი ამ სიტუაციაში მიგვატოვეს”.

 

2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.

 

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს ყველანაირი ავტონომიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.


აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის ერთადერთი გზის – ლაჩინის კოროდორის ჩაკეტვიდან [2022 წლის დეკემბერი] ნახევარი წლის შემდეგ გამშვები პუნქტი დადგა.  თუმცა, მალევე ეს პუნქტიც დაკეტა. ბაქოს 15 ივნისის განცხადებით, ლაჩინის დერეფანში არსებული აზერბაიჯანული გამშვები პუნქტი დროებით აჩერებს მუშაობას. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ პუნქტი იქამდე არ გაიხსნება, სანამ 15 ივნისის ინციდენტის გამოძიება არ მოხდება, ან სომხეთი პროვოკაციაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები