ანალიტიკა

რატომ ეწინააღმდეგება მაკრონი ევროკავშირის ინტერესებს პრორუსული სეპარატიზმის მხარდასაჭერად?

05.07.23 10:00


ის, რომ საფრანგეთი, ფაქტობრივად, მხარს უჭერს სეპარატიზმს პოსტსაბჭოთა სივრცეში, აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის „შუამავლობა“ რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და საქართველოს ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით დასრულდა. საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რომელმაც 2014-2015 წლებში  ე.წ. „მინსკის შეთანხმებები“ გააფორმა, რეალურად ხელი სეპარატისტების „ლეგიტიმიზაციას“ შეუწყო უკრაინის დონბასში. ამ უკანასკნელის „დამოუკიდებლობის“ აღიარებით, 2024 წლის თებერვალში დაიწყო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. დღეს საფრანგეთი, მისი ამჟამინდელი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წარმომადგენლობით, აგრძელებს სეპარატიზმის მხარდაჭერის პოლიტიკას, რასაც მოწმობს უკრაინელი პოლიტოლოგის იგორ ჩალენკოს მასალა:

 

კრემლს დასავლეთში ჯერ კიდევ ჰყავს გავლენიანი მოკავშირეები, რომლებიც მხარს უჭერენ სეპარატიზმს იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს. მათ შორის არის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი პრორუსულ სეპარატიზმს სამხრეთ კავკასიაში, უფრო კონკრეტულად ყარაბაღში, რომელიც კრემლის ერთგული დაჯგუფების მიერ არის ოკუპირებული. უფრო მეტიც - ბატონი მაკრონი თავად აღიარებს, რომ მის პოზიციას სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, ევროკავშირის არც ერთი სახელმწიფო არ უჭერს მხარს.

 

სპეციფიკური პოზიცია

27 ივნისს, მარსელის სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევზე უფრო მეტ ზეწოლას ახდენს, ვიდრე სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი:

 

„მე ერთადერთი ვარ, ვისაც მკაფიო პოზიცია და გზავნილი აქვს არცახის საკითხთან დაკავშირებით (ასე უწოდებენ პრორუსი სომეხი სეპარატისტები თავიანთ ანკლავს აზერბაიჯანის ყარაბაღში).

 

„არცახთან დაკავშირებით საკუთარი მტკიცე პოზიციის“ დაფიქსირებისას მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გააგრძელებს თავის ძალისხმევას“ და სწორედ ამ კონტექსტში, მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ „საფრანგეთმა პირველმა გაგზავნა საკუთარი სამხედრო ატაშე სომხეთში, თავის საელჩოში“. პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით მრავალმნიშვნელოვნად დაამატა: „ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ“.

 

მარსელში მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადება მრავლისმეტყველად მოწმობს ყარაბაღში პრორუსული სეპარატიზმის მხარდაჭერას.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა აგრეთვე აღიარა, რომ მის პოზიციას არ იზიარებს მთელი დანარჩენი ევროპა: „მაშინაც კი გავაგრძელებ ჩემს ძალისხმევას, თუ თითქმის ერთადერთი ვარ საერთაშორისო ოჯახში ასეთი დღის წესრიგით“.

 

ამ თვალსაზრისით, მაკრონის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში სრულიად ეწინააღმდეგება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისკენ არის მიმართული.

 

საფრანგეთის, ირანის და რუსეთის სამთა კავშირი:

 

თუ საფრანგეთის პოზიცია არც დასავლეთისთვის არის მოგებიანი და არც უკრაინისთვის, ვის აწყობს მაკრონის ამგვარი პოლიტიკა? პირველ რიგში, ბენეფიციარებს - რუსეთს და ირანს.

 

Newsweek-ისთვის მომზადებულ ანალიტიკურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბაქოზე ზეწოლის ბერკეტების უზრუნველსაყოფად, მოსკოვი სომეხ სეპარატისტებს იყენებს ყარაბაღში, რომელიც უკვე სომხეთის პრემიერ-მინისტრმაც კი აღიარა აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად.

 

მოსკოვი თეირანთან ერთად, ყარაბაღის სეპარატისტულ ანკლავს განიხილავს, როგორც ევროკავშირისთვის აზერბაიჯანული ენერგორესურსების მიწოდების „ავარიულ გამომრთველს“ - განმარტავს ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრი Begin-Sadat Center.

 

უფრო მეტიც, წამყვან მედიასაშუალებებში მრავალი საჯარო განცხადებისა და ანალიტიკური შეფასებების გაანალიზებით, შეიძლება დავასკვნათ სამხრეთ კავკასიაში საფრანგეთის, ირანის და რუსეთის გაერთიანების ფორმირება, რომლებმაც „კავკასიაში ძალები გააერთიანეს აზერბაიჯანისა და ისრაელის წინააღმდეგ“.

 

მაისში ამერიკულმა გამოცემამ The Wall Street Journal აღნიშნა, რომ პრეზიდენტ მაკრონის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში შეესაბამება მოსკოვის და თეირანის რეგიონალურ ინტერესებს და ასევე, წინააღმდეგობაში მოდის ვაშინგტონის და ბრიუსელის მცდელობასთან, ერევანსა და ბაქოს შორის უთანხმოება მშვიდობიანად დარეგულირდეს.

 

„პარიზმა დაიკავა პოზიცია, რომელიც საერთო ჯამში, აძლიერებს რუსეთის და ირანის თამაშს სამხრეთ კავკასიაში“, - ნათქვამია აღნიშნული ამერიკული გამოცემის სტატიაში.

 

მაკრონის მიერ სომხური სეპარატიზმის წახალისებით, ასევე, შეშფოთებული არიან უკრაინაში, რომლის მოსახლეობასაც სამხედრო აგრესიით ტანჯვას აყენებს რუსეთი და მისი მოკავშირეები, როგორიცაა ირანი.

 

„ევროკავშირი, აზერბაიჯანთან პარტნიორების დამსახურებით, ახერხებს რუსეთიდან მიღებულ ენერგორესურსებზე უარის თქმას“, - აღნიშნა მაისში ერთ-ერთმა უმსხვილესმა უკრაინულმა გამოცემა Цензор-მა.

 

სომხური ფაქტორი საფრანგეთში

პრეზიდენტი მაკრონი სომხური დიასპორის რადიკალური ელემენტების მძევალი გახდა, თუმცა მათ საფრანგეთში მცირე ელექტორული წონა აქვთ. საფრანგეთის სომხური წარმოშობის მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც ხმის მიცემის უფლებით სარგებლობენ, დაახლოებით 600 000-ია. ეს, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ია.

 

ამის მიუხედავად, ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ძალის ლიდერი სომეხი რადიკალების გავლენით მოქმედებს. „ამ კონფლიქტში აზერბაიჯანი არ არის აგრესორი, თუმცა, ის იქცა „დიდი სომხეთის“ პროექტის არქიტექტორთა მსხვერპლად, რომლის რეალიზებაც მოსკოვის ხელშეწყობით განხორციელდა. ახლა, ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, აზერბაიჯანი თავისი სუვერენული ტერიტორიების აღდგენას ახდენს. ეს კი მრავალმილიონიანი სომხური დიასპორის და მისი გავლენის ქვეშ მოქცეული ცალკეული ფრანგი პოლიტიკოსების გააფთრებულ რეაქციას იწვევს“, - ნათქვამია უკრაინული ტელეკომპანია „მეხუთე არხის“ მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშში.

 

მოლაპარაკების პროცესის წინააღმდეგობრიობა

სომხური მედიის ცნობით, 1-ელ ივნისს კიშინიოვში გამართული ევროპული სამიტის დასრულებისთანავე, მაკრონმა საფრანგეთის სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე მურად პაპაზიანს დაურეკა, რომ დაეჩივლა ევროკავშირის ჩინოვნიკებზე და მას ასეთი სიტყვები უთხრა: „მხოლოდ მე მაინტერესებს არცახის მომავალი, ხოლო მოლაპარაკების პროცესის სხვა მონაწილეები (მათ შორის გერმანიის კანცლერი შოლცი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი მიშელი) არცახს აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ“.

 

ამ ფონზე, ცენტრალური ევროპისა და ამერიკული მედია ერთხმად აღნიშნავენ სამხრეთ კავკასიაში მაკრონის დესტრუქციულ როლს.

 

EuToday-ის ლონდონური გამოცემა განმარტავს, რომ „საფრანგეთს, რუსეთის მსგავსად, არ აწყობს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარება. ეს მათ სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის შენარჩუნებისა და გაზრდის საბაბს აძლევს“.

 

შეიძლება დავასკვნათ, რომ საფრანგეთის და რუსეთის ლიდერები ხელს უწყობენ კონფლიქტის ესკალაციას კავკასიაში და საკუთარ ქმედებებს შუამავლური რიტორიკით ნიღბავენ.

 

უკრაინის გამარჯვების წინააღმდეგ?

 

სამხრეთ კავკასიის ირგვლივ არსებულ ვითარებას უკრაინული მედია აქტიურად აშუქებს.

 

ანალიტიკური გათვლებით თუ ვიმსჯელებთ, კრემლი საფრანგეთს საგარეო პოლიტიკას კარნახობს. შესაძლოა იმის გამო, რომ საფრანგეთის გავლენიანი ძალები არ არიან უკრაინის გამარჯვებით დაინტერესებული და დიქტატორ პუტინიდან ყურადღება გადააქვთ აზერბაიჯანზე, რომელიც უკრაინას უფასოდ აწვდის საწვავს.

 

„სომხეთის მხარდაჭერით, ფრანგი პოლიტიკოსები ცდილობენ, მსოფლიოს პოლიტიკური ფოკუსი უკრაინის ომიდან სამხრეთ კავკასიაზე გადაიტანონ“, - იუწყება РБК-Україна.

 

უკრაინული Telegraf განმარტავს, რომ „მაკრონის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში პუტინის ინტერესებს პასუხობს და ორივე მათგანი ხელს უშლის ვაშინგტონის ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების საქმეში“.

 

მაკრონის ხსენებულ პოლიტიკას კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზი აქვს: საფრანგეთი გულწრფელად არ არის დაინტერესებული უკრაინის გამარჯვებით და ამიტომ, რეგულარულად ურთიერთობს კრემლთან „ღრმა რევერანსის“ რეჟიმში.

 

ფრანგების ენერგეტიკული და ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მათ აიძულებს, მხარი აუბან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას და პარალელურად, შეავიწროონ აზერბაიჯანი იმისთვის, რომ ასიამოვნონ პუტინს...

 

იგორ ჩალენკო, პოლიტოლოგი, ანალიზისა და სტრატეგიების ცენტრის ხელმძღვანელი (უკრაინა).

https://primetime.ge/news/politika/ratom-etsinaaghmdegeba-makroni-evrokavshiris-interesebs-prorusuli-separatizmis-mkhardasacherad

წაკითხულია : 721


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები