მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი ვერ წყვეტს მთიანი ყარაბაღის ხალხის ბედს, თავად მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები უნდა იყვნენ დიალოგის მხარე

25.07.23 17:20


სომხეთი ვერ წყვეტს მთიანი ყარაბაღის ხალხის ბედს, თავად მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები უნდა იყვნენ მოლაპარაკების, დიალოგის მხარე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მთიანი ყარაბაღის ხალხის უფლებები და უსაფრთხოება ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგის ფორმატში, საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

„ვფიქრობ, მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებს ამ ფორმულის ფარგლებში ექნებათ შესაძლებლობა, გადაწყვიტონ თავიანთი ყველა წუხილი და არა მხოლოდ წარადგინონ ისინი, არა მხოლოდ მოახდინონ შინაარსის გენერირება, არამედ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შინაარსთან დაკავშირებით, და არამხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არის სწორი გზა“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მსოფლიო წესრიგი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ითვლებოდა, ფაქტობრივად, არ არსებობს და არავინ იცის, როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი.

 

„უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკური გავლენა შემცირდა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრადიციული ფორმულები საკმარისად ეფექტიანი არ არის. სომხეთის მოსაზღვრე არცერთ ქვეყანას არ აქვს კონფრონტაციული ურთიერთობა მეორესთან და ყველაზე აქტუალური საკითხების გადაჭრის ფორმულაც კი თანამშრომლობის პოლიტიკაა, რაც უფრო ეფექტური ხდება ინტერესთა დაბალანსების გამო. ამ მხრივ, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებლობაა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ურთიერთობები ირანთან და საქართველოსთან ბუნებრივად ვითარდება და უნდა განაგრძოს განვითარება“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

 

 

წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები