მსოფლიო

“რით ვუშველოთ ყარაბაღის სომხებს, საკუთარ თავსაც ვერ ვშველით” – აზერბაიჯანელები ყარაბაღის კრიზისზე

01.08.23 15:40


აზერბაიჯანში სულ უფრო ხშირად ისმის ხუმრობა, რომ ლაჩინის დერეფანში ჩადგმული აზერბაიჯანის გამშვები პუნქტი ერთადერთი სახმელეთო საზღვარია, რომელიც მუშაობს [კორონავირუსის გავრცელების საბაბით აზერბაიჯანს ამ დრომდე ჩაკეტილი აქვს სახმელეთო საზღვრები]. სინამდვილეში, ამ შავი იუმორით მოქალაქეები ამბობენ: “რით ვუშველოთ ყარაბაღის სომხებს, როდესაც საკუთარ თავსაც ვერ ვშველით?”

 

სიტუაცია ლაჩინის კორიდორში, რომელიც 2022 წლის დეკემბრიდან დაძაბულია, კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 26 ივლისს აზერბაიჯანმა არ დაუშვა სომხეთიდან მომავალი ჰუმანიტარული ტვირთი მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობისთვის. 

 

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ.


ოფიციალური ერევანი ირწმუნება, რომ მათ “დადგენილ რეჟიმში მიმართეს რუს სამშვიდობო კონტინგენტს და ასევე შესაბამისი არხებით აზერბაიჯანულ მხარეს”. 

 

აზერბაიჯანმა კი ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა არაღიარებულ რესპუბლიკაში პროვოკაციად შეაფასა და აგრძელებს მტკიცებას, რომ იქ არანაირი ბლოკადა არაა, ჰუმანიტარულ კრიზისზე ყვირილი კი, – უბრალოდ პოლიტიკური მანიპულაციაა. 

 

სწორედ ამ პოზიციას იზიარებენ, მეტ-ნაკლებად, აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები და საზოგადოება- ყოველშემთხვევაში ისინი, ვინც ღიად გამოხატავს აზრს მედიასა და სოციალურ ქსელებში. თუმცა, სისტემის წინააღმდეგი აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პირიქით – აზერბაიჯანის ხელისუფლების მოქმედებებს პროვოკაციად მიიჩნევენ.

 

რუსი სამშვიდობოების კონტროლქვეშ არსებული მთიანი ყარაბაღის ნაწილის ბლოკადის ფაქტის უარყოფას, ბაქო არგუმენტირებს იმით, რომ სთავაზობს ალტერნატიულ გზას ჰუმანიტარული ტვირთისთვის – არა პირდაპირ სომხეთიდან ლაჩინის კორიდორით, არამედ, აღდამის გზით, ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით. 

 

მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა კატეგორიულად უარს აცხადებს ამ ვარიანტზე, რადგან მიიჩნევს, რომ ეს არის “პოლიტიკური გზა აზერბაიჯანში ინტეგრაციისა, რაც თავის მხრივ, არცახიდან სომხების დევნას ნიშნავს”. 

 

ალიევი აცხადებს, რომ ბაქოს წინადადება ტვირთით მომარაგებისთვის გამოყენებული იყოს აღდამის გზა, ევროკავშირისა და საერთაშორისო წითელი ჯვრისთვის მისაღები იყო, ერევანი კი ეწინააღმდეგება ამ წინადადებას, რითიც აფერხებს კონტაქტებს და დიალოგს აზერბაიჯანსა და ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას შორის. 

 

დაახლოებით იმავე სულისკვეთების განცხადებები გააკეთა აზერბაიჯანელმა ომბუდსმენმა საბინა ალიევამ. 

 

“ყარაბაღის სომეხი წარმომავლობის მცხოვრებთა უფლებების დაცვის საკითხი აზერბაიჯანის სახელმწიფოს იურისდიქციაშია”- მიმართავს ის სომეხ კოლეგას. 

 

პოლიტოლოგი ფარხად მამედოვი შექმნილ სიტუაციაში არა მხოლოდ სომხეთის ხელისუფლებას, არამედ საერთაშორისო შუამავლებსაც ადანაშაულებს, რომლებიც მისი აზრით, არათანმიმდევრულად იქცევიან. კერძოდ, ის ახსენებს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელს, რომელმაც 27 ივლისს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხოება და ლაჩინის კოროდორით თავისუფალი გადაადგილება და რომ ქალაქ აღდამით ტვირთის მიწოდება ალტერნატივად არ უნდა განიხილებოდეს. 

 

ექსპერტის თქმით, ბორელის განცხადება ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ ზოგად დეკლარირებულ პოზიციას და მხოლოდ აღრმავებს შექმნილ მდგომარეობას. 

 

“ბაქომ მოლაპარაკებათა პროცესი სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დონემდე დაიყვანა. შუამავლები ქაღალდზე და განცხადებებში ასევე იზიარებენ აზერბაიჯანის დღის წესრიგს. თუმცა, როდესაც საქმე სამართლებრივ კონტექსტსა და შეთანხმებების რეალიზაციას შეეხება, ისინი უარყოფენ ამას.

 

თუ ბორელს აწუხებს ჰუმანიტარული სიტუაცია, ლოგიკური იქნებოდა, მოეწოდებინა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის, ნებისმიერი მარშრუტით ჩაეტანათ იქ ჰუმანიტარული ტვირთი, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება სთავაზობს მათ. ეს იქნებოდა თანმიმდევრულობის გამოხატვა ევროკავშირის მხრიდან და მკაფიო მესიჯი ყველასთვის, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არ ექვემდებარება განხილვას”.  

 

აქტივისტები: საიმედო ბევრი არაფერია, თუმცა შევეცდებით

რაც შეეხება ანტისისტემურ აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, თითქმის უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მათი ყურადღება კონცენტრირებული იყო დასავლეთ აზერბაიჯანის სოფელ სიუდლუზე, რომლის შესასვლელშიც, საპროტესტო აქციების შემდეგ პოლიციის კორდონი ჩადგეს. ზოგიერთს პარალელებიც მოჰყავდა აქ არსებულ სიტუაციასა და ლაჩინის კორიდორს შორის. თითქმის მთელი თვე შემაშფოთებელი ინფორმაცია გამოდიოდა სოფლიდან დაკავებებზე და სოფლის მოსახლეობაზე ზეწოლის შესახებ. მოგვიანებით, რამდენიმე ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობაც შეუფარდეს მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე აზერბაიჯანის ხელისუფლება გააკრიტიკეს. 

 

ასევე, 24 ივლისს თაღლითობის ბრალდებით ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბად იბადოღლუ დააპატიმრეს.

 

ყველა ამ ახალი პრობლემის გათვალისწინებით, ლაჩინის კორიდორში  შექმნილ “სტაბილურად მძიმე”  სიტუაციაზე საფიქრალად აღარავის რჩება არც დრო და არ ძალა, თუმცა, ახალგაზრდული მოძრაობა D18-ის თავმჯდომარის აჰმედ მამედლის თქმით, ისინი აგრძელებენ დაკვირვებას სიტუაციაზე და ეძებენ საშუალებებს გავლენა მოახდნონ შექმნილ სიტუაციაზე, თუმცა, არც თავად სწამთ წარმატების: 

 

“ჩვენი მოძრაობა მრავალჯერ გამოვიდა ბლოკადის მოხსნის მოთხოვნით, ისევე როგორც სხვა აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები. თუმცა, სამწუხაროდ, თავად სამოქალაქო საზოგადოების შიგნით სერიოზული დაპირისპირებებია ყარაბაღის საკითხზე, რაც ხელს გვიშლის გაერთიანებაში და ერთიანი ძალისხმევით ბრძოლაში. გულდასაწყვეტია, რომ ამ დრომდე ვერ მივაღწიეთ რაიმე წარმატებას ამ მიმართულებით, და სიმართლე გითხრათ, სათუოა, რომ არსებული რეჟიმის პირობებში ამას შევძლებთ. თუმცა, მცდელობებს გავაგრძელებთ”. 

 

ლაჩინის კოროდორის გარშემო შექმნილ მოვლენებს, მათ შორის ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაბლოკვაზე ინციდენტს, აჰმედ მამედლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან კომპლექსური საბოტაჟის ნაწილად აფასებს. 

 

“მთლიანობაში, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა გზით ცდილობს რეგიონში მშვიდობის საბოტაჟს. რადგან აზერბაიჯანის დღევანდელ რეჟიმს და პუტინის რუსეთსაც აწყობთ, რომ ყარაბაღი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ცხელ წერტილად”. 

 

მამედლი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება, ოპოზიციის დიდი ნაწილიც აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა ყარაბაღის კრიზისის თემაზე, რითაც საკუთარი ნეგატიური წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. 

 

აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტები, ისეთები როგორიც არიან ჟურნალიტი აფგან მუხთარლი და კარიკატურისტი გიუნდუზ აგაევი ასევე პერიოდულად უბრუნდებიან ლაჩინის გზის თემას. თუმცა, ისევე როგორც ბევრი ადამიანი ქვეყნის შიგნით, ითხოვენ არა იმდენად ყარაბაღელი სომხების უფლებების დაცვას, რამდენადაც ამ მოთხოვნების გულიბრყვილობას უსვამენ ხაზს იმის გათვალისწინებით, რომ თავად აზერბაიჯანელების უფლებები არ არის დაცული ქვეყანაში. 

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები