ანალიტიკა

„სომხეთ-საქართველოს ომი  - 1918“

27.09.23 14:20


შესავალი სიტყვა „კავკასუს პლუსის“ რედაქტორებისგან

 

სომხეთ-საქართველო ურთიერთობების ისტორიას სრულად აქ, რა თქმა უნდა ვერ წარმოვადგენთ, მაგრამ შევეცდებით განვიხილოთ ამ ურთიერთობების ერთი მონაკვეთი სომხეთ-საქართველოს 1918 წლის დეკემბრის ომი თადარიგის პოლკოვნიკის, ისტორიის დოქტორის, პროფესორ არჩილ ჩაჩხიანის მეტად საყურადღებო მონოგრაფიის ,,სომხეთ-საქართველოს ომის” მიხედვით.

 

მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი, მოვლენა, ეს ომი, სათანადოდ არ არის გააზრებული და შესწავლილი მისი ძალიან სავალალო შედეგებით, რომლებმაც, არა მხოლოდ კიდევ ერთი ბნელი ლაქა გაუჩინა საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობების ისტორიას, არამედ, უმძიმესი როლი შეასრულა, როგორც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, ასევე, საერთოდ, საქართველოს საზღვრების დემარკაცია-დემილიტაციის  საკითხში. დიდი ზიანი მიაყენა მთელი ამიერკავკასიის პოლიტიკურ, ტერიტორიულ, სამხედრო-პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ წესრიგს.

 

ამ ომის შესახებ ბევრმა საქართველოში დღეს არც კი იცის. მათ შორის მხოლოდ ახალგაზრდები არაა, საშუალო ასაკის ადამიანებმაც კი არ იციან, რომ გასული საუკუნის დასაწყისში სომხეთ-საქართველოს შორის სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობდა.

 

ამ ომის შედეგებმა მოგვიანებით, უკვე 1920-1921 წლებში, დიდი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ძირძველი მიწების ტერიტორიული გადანაწილების პროცესსა და მისი სახელმწიფოებრივი მოწყობის შემდგომ ბედზე, სომხეთისაზე კი - გადამწყვეტი.

 

დაფარული ჭირის კიდევ უფრო დამალვა ნამდვილად არაა სიკეთის მომტანი არც ქართველებისათვის და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირველ რიგში, არც თვით სომეხი ხალხისათვის.

 

მასალები, ფაქტები, ბმულები, ამონარიდები მთელი რიგი სტატიებიდან, რომელიც გამოქვეყნდება სათაურით „არჩილ ჩაჩხიანი „სომხეთი-საქართველოს ომი - 1918“ გამოყენებულია არჩილ ჩაჩხიანის მონოგრაფიული ნაშრომიდან:

***

 

XX საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხის გარკვეული ნაწილი იმ მძლავრი იდეოლოგიური ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდა, რასაც XIX საუკუნის ევროპის განვითარებული ქვეყნები და პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთი ატარებდა ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში. ამავე დროს, ამ პროცესებს ახალი რევოლუციური იდეოლოგიის, მარქსიზმის გავრცელება ახლდა თან. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ამ ორი ფაქტორის ფატალურმა ზედდებამ სომხეთი და სომეხი ხალხი მისთვის საბედისწერო პოლიტიკურ თამაშებში ჩართო, რაც სომხებისათვის უმძიმესი შედეგებით დასრულდა.

 

1918 წლის ბოლოსთვის კი სომეხ დაშნაკთა მიერ წარმოებული ნაციონალისტურ-ექსანსიონისტური პოლიტიკა სომხეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა. სომხეთ-საქართველოს ომის დაწყებაზე სრული პასუხისმგებლობა დაშნაკებს და დაშნაკური სომხეთის მთავრობას უნდა დაეკისროს.

 

სომეხთა რევოლუციური ფედერაციის - დაშნაკთა სოციალისტური პარტიის ფსევდოსოციალისტურ ხასიათს, მის უკიდურესად რეაქციულ, შოვინისტურ და ნაციონალისტურ პროგრამას, რომელიც პრაქტიკულად ვლინდებოდა და გამოხატულებას პოულობდა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და დაშნაკური საბრძოლო რაზმების ყაჩაღურ მოქმედებებში, აღმოსავლეთ ანატოლიისა და ამიერკავკასიის მშვიდობიანი მუსლიმი (და არა მხოლოდ მათი) მოსახლეობის ძარცვა-რბევასა და ხოცვა-ჟლეტაში. ასეთ ყოვლად გაუმართლებელ ბარბაროსულ მოქმედებებს ყველაზე უფრო მასობრივად ოსმალთა იმპერიის 6 აღმოსავლური ვილლაიეთის ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი. ეს კი, თავის მხრივ, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ხსნის დღის წესრიგიდან საქვეყნოდ გახმაურებულ ე.წ. ,,სომეხთა გენოციდის” საკითხს.

 

ასეთი იყო სომხეთის პირველი რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრის, დაშნაკის ოვანეს კაჩაზნუნის მოსაზრება სომხეთ-საქართელოს იმის თაობაზე: ,,ვიბრძოლეთ იმ მეზობელთან, რომელთანაც ყველაზე უფრო მჭიდრო ურთიერთობები უნდა გვქონოდა. ჩვენ საქართველოს გავლით ვუკავშირდებოდით გარე სამყაროს. ჩვენი გულწრფელი სურვილი იყო ქართველებთან კეთილმოსურნე ურთიერთობების დამყარება, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ამაში გარკვეული როლი, საქართველოს მთავრობის პოზიციასთან ერთად, ჩვენმა უძლურებამ და პოლიტიკურმა უმწიფრობამაც ითამაშა...”

 

თუმცა ნაციონალისტურ-სეპარატისტული ორგანიზაცია ,,ჯავახკის“ ლიდერები საქართველოს ისტორიულ რეგიონს - სამცხე-ჯავახეთს დღესაც ე.წ. ,,დიადი არმენიის“ შემადგენელ ნაწილად განიხილავენ.

 

კვლევისათვის გამოვიყენეთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი კალიფორნიის ჰარვარდის უნივერსიტეტის სტენფორდის ინსტიტუტის ჰუვერის ,,ომის, რევოლუციისა და მშვიდობის’’ არქივთსაცავებში არსებული დოკუმენტაცია, ასევე დიდი ბრიტანეთის სამხედრო სამინისტროს არქივში დაცული ცალკეული დოკუმენტები, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეთა მემუარული ჩანაწერები და ნაშრომები, რომლებიც ან უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ომში, ან მჭიდრო შეხება ჰქონდათ აღნიშნულ საკითხთან.

 

ცალსახად ვამტკიცებთ, რომ 1918-1919 წლების სომხეთ-საქართველოს ომი ორივე სახელმწიფოსათვის ძალიან სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებასა და პირდაპირ უნდა ითქვას - სრულმასშტაბიან ომს წარმოადგენდა მისი ყველა შემადგენელი საბრძოლო კომპონენტისა და პოლიტიკური ასპექტის ჩათვლით.

 

სწორედ ამ ომის გამო, საქართველოსა და სომხეთის პირველ რესპუბლიკებს შორის შექმნილმა ცივმა, არაკეთილმეზობლურმა და დაძაბულმა ურთიერთდამოკიდებულებამ, ოდნავ მოგვიანებით, უკვე 1920-1921 წლებში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ამიერკავკასიის ამ რესპუბლიკებისა და საერთოდ მთელი რეგიონის სახელმწიფოებრივი პოლიტიკური მოწყობისა და მათი ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების შემდგომი გადანაწილების საქმეში.

 

იმ ხანებში სომხური საბრძოლო ტერორისტული რაზმები სისტემატურად და გეგმაზომიერად ანადგურებდნენ თურქეთისა და კავკასიის თურქულ, აზერბაიჯანულ და ქურთულ მოსახლეობას. საერთო ჯამში, რუსულ არქივებში დაცულია უამრავი სასამართლოს ოქმი, სადაც სომეხი ბანდიტების უზარმაზარი რაოდენობაა გასამართლებული, ბევრი მათგანი სიკვდილითაც დასაჯეს.

 

მაგრამ ქართველი და სომეხი ხალხის ომში, იმ საშინელ წაკიდებაში ნაციონალისტურ პარტიებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ გერმანელი და შემდეგ ინგლის-ამერიკელი ინტერვენტები, რომელთაც ამიერკავკასიის ხალხთა გათიშვა და ძმათამკვლელი ომები საკუთარი ბატონობის განსამტკიცებლად სჭირდებოდათ.

 

...სომხური დელეგაციის მიერ პარიზის სამშვიდობო კონფერენციისადმი წაყენებულ მოთხოვნებში თურქეთის მიმართ პრეტენზიებში ეკლესია-მონასტრებისა და მიმდებარე ტერიტორიების დაბრუნებას სთხოვენ პარიზის კონფერენციას, რაც მერე იგივენაირად განმეორდა საქართველოს მიმართაც და დღემდე ითხოვენ 400-ზე მეტ ეკლესია-მონასტერს საქართველოსგან მათი მიმდებარე ტერიტორიებითა და უძველესი სასაფლაოებით:

 

,,სომხები შრომისმოყვარე, შემოქმედი და მწარმოებელი ერია, მაგრამ ისინი ფატალურად ინერტულ ატმოსფეროში ცხოვრობენ. სომხები ნამდვილ არიელ-ქრისტიანებს წარმოადგენენ, მაგრამ ისინი თათრულ მაჰმადიანურ ზღვაში იხრჩობიან. სულით დასავლეთელი სომეხი, თურქთა და თათართა ე.ი. აღმოსავლეთის ყველაზე უფრო ჩამორჩენილ ხალხებს შორის ცხოვრობს და ალბათ ესაა ყველაზე უფრო ტრაგიკული სომეხი ერისათვის’’-ირწმუნებოდა სომხური დელეგაცია.

 

სომხური წითელი წიგნი, გასაიდუმლოებული, რომელიც ასევ წარუდგინეს პარიზის კონფერენციას და მისი შინააარსი არავინ იცოდა, რადგან წიგნში არაფერი იყო დასმენებისა და ცილისწამებების გარდა, ერთადერთი ჩვენ ვართ ევროპული კულტურის მატარებლები ამიერკავკასიაში და გვავიწროვებენ როგორც ქართველები, ასევე თურქები და თათრებიო _ ხელს გვშლიან შევასრულოთ ,,მთელი მცირე აზიისა და ამიერკავკასიის განმანათლებლების’’ დიადი ისტორიული მისიაო.

 

1918 წლის დასაწყისში ასეთ ბრალდებებს უყენებდნენ ქართველებს:

 

1. ქართველების სომხებისადმი ღალატი ოსმალური შეიარაღებული აგრესიის დროს;

 

2. საქართველოს მთავრობის არაჰუმანური დამოკიდებულება ოსმალეთიდან დევნილი სომეხი ლტოლვილებისადმი;

 

3. საქართველოს მიერ არარატის რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმოებული ეკონომიკური და საკომუნიკაციო ბლოკადა  და რაც მთავარია:

 

4. 1918 წლისათვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მიერ ,,ძირძველი სომხური მიწების“ ოკუპაციის ფაქტი; სომხები დღევანდლამდე ფიქრობენ, თითქოს აღმოსავლეთი საქართველო უძველეს დროში დიდ სომხეთში შედიოდა.

 

XX საუკუნის დასაწყისისათვის უკვე ნათლად იყო გამოკვეთილი ის კონტურები, თუ სად, როგორ და რა საშუალებებით აპირებდნენ სომეხი ნაციონალისტები თავისი ახალი სახელმწიფოს, რაღაც მონოეთნიკური სომხური თემის მსგავსი ,,დიადი არმენიის” შექმნას. სომხური სახელმწიფოს შექმნის ამ გზაზე სომეხთა ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის ძირითადი სტრატეგიული ხაზიც იკვეთება - ამიერკავკასიისა და ანატოლიის მიწების ბუნებრივი და იძულებითი ,,გასომხება”, ანუ, იქ მაცხოვრებელი ხალხების გასახლება და ლიკვიდაცია, ამ გზით ხელოვნური ეთნიკური უმრავლესობის მოპოვება, შემდგომ ამ ხალხების კუთვნილი ტერიტორიების ჩამოჭრა, ამ მიწების შეერთება.

 

სომეხთა ეროვნული განსაკუთრებულობის შეგრძნება და ეგოცენტრული მისწრაფებები დაედო სწორედ საფუძვლად XIX საუკუნის ბოლოდან მათ ექსპანსიონისტურ განწყობებს და უაღრესად აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარებას მეზობელი ქვეყნებისა და იქ მცხოვრები ხალხების მიმართ.

 

...სომხური ეთნოსის ისტორიული წარმომავლობისა და რასობრივი კუთვნილების შესახებ ერთიანი, ჩამოყალიბებული და მწყობრი მოსაზრება არ არსებობს.

 

რუსი საბჭოთა ისტორიკოსი-აღმოსავლეთმცოდნე და ლინგვისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი იგორ დიაკონოვი არ იზიარებს ფრანგი ისტორიკოსის ფრანსუა ლენორმანის ჰიპოთეზას პროტოსომხების ფრიგიული წარმომავლობის შესახებ, თუმცა, სომეხთა ეთნოგენეზთან მიმართებაში, შედარებითი ლინგვიტიკის პოზიციებიდან გამომდინარე, ცალსახად აღნიშნვს, რომ ,,სომხური ეთნოსის ფორმირება კავკასიის ფარგლებს გარეთ მოხდა“...

 

 

 

არჩილ ჩაჩხიანის წიგნიდან „სომხეთ-საქართველოს ომი“ - ნაწილი 1

გაგრძელება იქნება...

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები