ანალიტიკა

ყარაბაღის პრეცედენტი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთისთვის“ – „შეშფოთებულები არიან და აშკარად არ მოეწონათ“

02.10.23 17:00


ყარაბაღის პრეცედენტმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს" დისკომფორტი შეუქმნა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, აფხაზები და ოსები შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ რუსეთმა სომხეთთან მიმართებაში არაფერი გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ერევანმა დახმარება არაერთხელ სთხოვა კოლექტიური უსაფრთხეობის ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდკბ) ვალდებულების ფარგლებში.

 

ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ამბით ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეშფოთებულები არიან, თუმცა, თავს იმით იმშვიდებენ, რომ რუსეთმა ეს ტერიტორიები „აღიარა" და ამასთან ოკუირებულ ტერიტორიებზე „რუსული ჯარები დგას, როგორც ბაზები".

 

მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს, შესაბამის განცხადებას სეპარატისტულმა რეჟიმმა ხელი უკვე მოაწერა. მანამდე, 20 სექტემბერს კი აზერბაიჯანმა ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა. რის შემდეგაც, ეთინკური სომხების მასობრივი გადინება დაიწყო, ამ დროისათვის სომხეთში 100 ათასზე მეტი ადამიანია გადასული.

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რამდენიმე მიზეზის გამო ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობას არ ეტყობა, რომ ყარაბაღის პრეცედენტის გამო შეშფოთებულები არიან.

 

„აფხაზების აღლუმს ვუყურებდი და არაფერი შიში და შეშფოთება არ ეტყობოდათ, იქ ოსებიც იყვნენ მიწვეულები. ამაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. პირველი - მთიანი ყარაბაღის მოდელის ჩვენთან გადმოღება ვერ მოხერხდება, რადგან იქ თანაბარი ძალა იყო და აზერბაიჯანს ზურგში თურქეთი ედგა, აქ სამწუხაროდ ბირთვული იარაღის მქონე აგრესორ სახელმწიფოს პირდაპირ ვეჩეხებით.

 

„დავუშვათ რუსეთის ფაქტორი გამოირიცხა, აქ უკვე საკითხი იმაზე მიდგება თუ რა სამხედრო ძალით უნდა დავუპირისპირდეთ სეპარატისტებს, მესამე საკითხი ისაა, რომ ჩვენს საზოგადოებას საერთოდაც არ ეტყობა, რომ ასეთი ტიპის ურთერთობის აღდგენისთვის მზადაა, განცხადებები ერთია, რომ ტერიტორიების დაბრუნება გვინდა, თუმცა, განწყობები არაადეკვატურია. არავითარი პატრიოტული სულისკვეთება და ურთიერთიობების დათბობის სურვილი არ გვაქვს და გახლეჩილები ვართ.

 

„ერთსულოვნებაა საჭირო, რაც, ვფიქრობ, რომ არ გვაქვს, ეს ძალიან დამაზიანებელია და ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაში აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების თემა სამწუხაროდ უკანა პლანზეა, როცა პირველი ეს საკითხი უნდა იყოს წამოწეული.

 

„ჩვენ თუნდაც მოლდოვის მაგალითი რომ გამოვიყენოთ, კარგი იქნება, მისმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ რეგიონებთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობა დაამყარა, ფაქტიურად საზოგადოება შემოირიგა, რუსეთთან ყოველგვარი ურიერთობა გაწყვიტა, სასამართლო რეფორმა ჩაატარა და უკვე ევროკავშირის წევრობაზე ფიქრობს," -განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

 

ყოფილი სახელწმიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყარაბაღის პრეცედენტით დე ფაქტო რეჟიმები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საზოგადოება შეშფოთებულები ნამდვილად არიან, თუმცა თავს „იიმედებენ".

 

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ყარაბაღის პრეცედენტით ნამდვილად შეშფოთებულები არიან და აშკარად არ მოეწონათ, თუმცა, იმით იმართლებენ თავს, რომ რუსეთს ჩვენ აღიარებული ვყავართო, რუსული ჯარები აქ დგას, როგორც ბაზებიო და ყარაბაღი არც აღიარებული ჰყავდა და არც ბაზები არ ჰქონდაო.

 

„თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ რაღაც უპირატესობები გვაქვსო, მაგრამ მაინც კომფორტულად არ არიან. ჩვენ ეს არ უნდა გვამშვიდებდეს, რადგან თუ ჩვენ მათი შესფოთება გაგვიხარდება, გამოდის, რომ რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა დაგვიბრუნოს. რუსეთი არავის არაფერს არ უბრუნებს, ყარაბაღი აზერბაიჯანმა დაიბრუნა და მოსკოვმა ხელი ვერ შეუშალა.

 

„აზერბაიჯანი აქტიური იყო და მას ზურგში თურქეთი ედგა, რუსეთს კი რეალობის აღიარება მოუწია. ჩვენ რა რეალობას ვქმნით ისეთს, რომელსაც რუსეთმა ანგარიში უნდა გაუწიოს?! ოსები და აფხაზები ქართველების უუნარობის იმედზე უფრო არიან, ვიდრე რუსების გადაგდების იმედზე. იციან, რომ საქართველო ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომელიც რუსეთს ფაქტის წინაშე დააყენებს.

 

„ეს ფაქტი კი ისაა, რომ აზერბაიჯანის მსგავსად ჩვენ თურქეთი ნაწილობრივ უნდა გამოვიყენოთ, ოღონდ მეორე ნაწილი უნდა იყოს არა აგრესია, არამედ ევროკავშირის ჩართვა. ჩვენ თურქეთთან უსაფრთხოების შეთანხმებებს ხელი უნდა მოვაწეროთ, მაგრამ მეორე პუნქტზე უკვე ევროკავშირისკენ მივდივართ, თუმცა, ჯერ ის 12 პუნქტიც შესრულებული არ გვაქვს.

 

„ჯერ კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ. ევროკავშირი აქ გვყავს, სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ახლახანს აქ ყოფნის 15 წელი აღნიშნა, ეს მისია უნდა გააძლიეროს და სამშვიდობო ძალებად აქციოს, კეთილი ვინებოთ და თურქეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის რესურსიც გამოვიყენოთ და აფხაზებს და ოსებს დაველაპარაკოთ, რომ ჩვენ არავისთან ომს არ ვაპირებთ, პირიქით ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს შორის ევროკავშირის სამშვიდობო ძალები იდგნენ.

 

„მგონია, რომ ეს ჩვენი მხრიდან გონივრული ნაბიჯი იქნებოდა, თურქეთ-ნატოსა და ევროკავშირის კონტექსტით. ჩვენი ხელისუფლება ხმას არ იღებს და აფხაზებს და ოსებს ამის იმედი აქვთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, საუბრები „მეორე ფრონტზე" აფხაზებზე და ოსებზე ნეგატიურად აისახება.

 

„ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ისე უხადა მადლობები, თითქოს ევროკავშირისთვის არ დაუბრალებია, მეორე ფრონტის გახსნა გინდათო. ხელისუფლებამ უნდა დაანებოს თავი ასეთ ლაპარაკს, რადგან როცა იმაზე საუბრობენ, რომ ვიღაცას მეორე ფრონტის გახსნა უნდა, ოპოზიციისგან და პრეზიდენტისგანაც გაოგნებული ვარ რატომ არიან თავდაცვის რეჟიმზე გადასული, როცა ამას მათაც აბრალებს და გლობალური ომის პარტიას უწოდებს, მათ შეუძლიათ უჩივლონ კიდეც.

 

„დე ფაქტო ხელისუფლებებს აწყობთ კიდეც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანტიქართული განწყობები გაღვივდეს და როცა აფხაზები და ოსები ამას უყურებენ, ისინი დიდი ხალისით უჯერებენ და ფიქრობენ, რომ საქართველოში არიან ძალები, ვისაც ომი უნდა, მაგრამ საქართველოში ასეთი ძალები არ არიან, ვისაც ომი უნდა, თუმცა „ოცნება" ამას არა სახელმწიფოს, არამედ თავის გადასარჩენად ყიდის",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

 

 

 

წყარო :  /www.resonancedaily.com/

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები