ანალიტიკა

სომეხთა განსახლება  ამიერკავკასიაში და საქართველოს ტერიტორიაზე

10.10.23 21:15


ნაწილი 4

 

 XIX საუკუნის განმავლობაში სომეხთა საქართველოს ტერიტორიებზე განსახლების დინამიკაზე კი შემდეგ სტატისტიკურ მასალებს გვაწვდის ისტორიკოსი შოთა ვადაჭკორია: ,,1804 წელს ერევნის სახანოდან თბილისში სომეხ ჩამოსახლებულთა რიცხვი 2000 კაცს უდრიდა. 1807-1808 წლებში თბილისის გუბერნიასა და ავლაბარში 338 სომხური ოჯახი (1906 სული) ჩამოასახლეს, ხოლო 1809-1811 წლებში მთავარმართებელ ტორმასოვის დროს, ყარაბაღიდან 428 ოჯახი (2140 სული) ბოლნისში ჩამოასახლეს. 1829 წელს ყარსის, არზრუმის და ბაიაზეთის ვილაიეთებიდან 14000 ოჯახი.

 

რუსეთის შემწეობით, საქართველოში სომეხთა ჩამოსახლებებიდან გამომდინარე, მათი მატების დინამიური პროცესი შემდეგ სურათს იძლევა: 1865 წელს საქართველოში ცხოვრობდა 122,6 ათასი სომეხი, 1880 წელს - 172,9 ათასი სომეხი, 1897 წელს - 197,0 ათასამდე. 1897-1902 წლებში საქართველოში 55 ათასი სომეხი ჩამოასახლეს. აღნიშნული პროცესებიდან გამომდინარე, თბილისში სომხების რაოდენობა 46,7 ათასიდან 124,9 ათასამდე გაიზარდა, რომელთაგან 68 ათასი ახლად მოსული იყო...

 

რუსი მეცნიერი და მკვლევარი, ნიკოლაი ნიკოლაევიჩ შავროვი, 1911 წელს გამოცემულ თავის ანალიტიკურ ნაშრომში:,,ახალი საფრთხე რუსული მიწისთვის ამიერკავკასიაში: მუგანის მოახლოებული მიყიდვა უცხოელებზე ―, ამიერკავკასიაში სომეხთა გადმოსახლებების შესახებ წერს.

,,1826-1828 წლების ომის დასრულების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, 1828 წლიდან 1930 წლამდე, ამიერკავკასიაში ჩვენ გადავასახლეთ სპარსეთიდან 40 ათასზე მეტი და თურქეთიდან 84 ათასი სომეხი ლტოლვილი და მათ საუკეთესო სახაზინო მიწები მივეცით ელიზავეტპოლის და ერივანის გუბერნიებში, სადაც სომეხთა რიცხვი უმნიშვნელო იყო, ასევე ტიფლისის გუბერნიაში - ბორჩალოს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში. მათთვის იქ გამოიყო 200 000-ზე მეტი დესიატინა სახაზინო მიწები და მუსულმანებისაგან 2 000 000 მანეთზე მეტი ღირებულების კერძო მიწები იქნა შესყიდული. მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ 124 000 ოფიციალურად გადმოსახლებულ სომეხთან ერთად, აქ დიდი რაოდენობით არაოფიციალური გადმოსახლებულიც იყო. ასე, რომ გადმოსახლებულთა საერთო რაოდენობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა 200 000 ადამიანს.

 

ამგვარად, დღეისათვის  (XX ს.) ამიერკავკასიაში მცხოვრები 1 300 ათასი სომხიდან 1 000 000-ზე მეტი სული არ მიეკუთვნება ადგილობრივ მოსახლეობას და ისინი ამ მხარეში ჩვენს მიერ იქნენ ჩამოსახლებულნი“.

 

რუსეთის იმპერიის მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 1897 წლისათვის, თბილისის მოსახლეობის 29,53%-ს სომხები შეადგენდნენ, ქართველები კი, მხოლოდ 26,44%-ს.

 

ამავე მოვლენების შესახებ მეორე რუსი ავტორი, ვასილი ველიჩკო წერს: ,,ქართველები და ყარაბაღელი მუსლიმები კავკასიაში ზოგჯერ გულწრფელად იღიმებიან და ამბობენ, რომ როგორც კი რუსეთის მთავრობა გაიყვანს ჯარს ამიერკავკასიიდან, სომეხთა ერთი ძვალიც არ დარჩებაო აქ. მაგრამ უკვე ოცდაათი წელია, რაც ეს სიტყვები შორსა დგას სიმართლისაგან. ჯერ ერთი, სომხებმა არა მარტო ეკონომიკურად დაიმონეს ყველა დანარჩენი, არამედ ნაწილობრივ აითვისეს სხვა იზოლირებული ხალხების პოლიტიკური ტენდენციები; დაბოლოს, მათ უკვე ჰყავთ საკუთარი ,,არმია“ - თურქეთიდან შემოსული ბრბო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტიფლისის ეთნოგრაფიული სურათი ძალიან შეიცვალა. მაგალითად, ახლა ძნელია იქ - ოდესღაც ძალიან ცნობილი და მიმზიდველი მშრომელი ტიპის - ქართველი რაჭველი მუშის პოვნა: ახლა ყველა მათგანს უჩვეულოდ ყაჩაღური იერი და გამომეტყველება აქვს, რომლებიც თურქულ დოლბანდებსა და ყაბალახებში არიან შეფუთულები. უბრალო ხალხის, რუსებისა და ქართველების დევნა კი, განუხრელად მიმდინარეობს ქალაქის თვითმმართველობის მიერ“.

 

XIX-XX საუკუნეებში სომეხთა მიერ საქართველოს ტერიტორიების მშვიდობიანი ექსპანსიისა და ათვისების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის სტივენ ჯონსი: ,,სომეხთა მასობრივი მიგრაცია საქართველოში XIX საუკუნიდან დაიწყო რუსეთ-თურქეთის 1828-1829, 1877-1878, აგრეთვე 1890-იანი წლებიდან, როცა სომეხ ლტოლვილებს ნება დართეს დასახლებულიყვნენ მესხეთ-ჯავახეთში, თრიალეთში, თბილისში და საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში სოხუმისა და ბათუმის გარშემო, საიდანაც დიდი ნაწილი ადგილობრივი მუსლიმანი მოსახლეობისა გადასახლდა ოსმალთა მიწებზე 1828-1829 წლების ომის დროს..

 

XX საუკუნის დამდეგისათვის კი, სომხებსა და ქართველებს შორის ქონებრივი განსხვავება კიდევ უფრო თვალში საცემი ხდება. მაგალითად, სტივენ ჯონსი, იგივე ლუიჯი ვილარის ცნობებზე დაყრდნობით იმ სოციალური კეთილდღეობის სურათს გვიხატავს, რასაც სომხები განიცდიდნენ საქართველოში და კერძოდ თბილისში, XX საუკუნის დასაწყისისათვის:

 

ეს კიდევ უფრო ზრდის სომხობის მნიშვნელობასა და პრესტიჟს, რომლებიც აქაურობის ბატონ-პატრონებად გრძნობენ თავს და როგორც ,,რჩეული ხალხი” დარწმუნებულნი არიან კიდეც იმაში, რომ ეს ასეც უნდა იყოს”.

 

აღსანიშნავია, რომ ამ დროს, თვით ერივანის გუბერნიაშიც კი, 1906 წლის მონაცემებით, სომხები გუბერნიის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ შეადგენდნენ.

 

 

არჩილ ჩაჩხიანის წიგნიდან „ სომხეთ-საქართველოს ომი“

გაგრძელება იქნება

წაკითხულია : 694


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები