მსოფლიო

ფაშინიანი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს არა თბილისის, არამედ ბრიუსელის ფორმატში განიხილავს

11.10.23 18:00


სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ალიევის წინადადებას, საქართველო განხილული იყოს სომხეთთან მოლაპარაკების მოედნად, უპასუხა, რომ ამ მიზნით დღესდღეობით საუბარი შეეხება შეხვედრებს ბრიუსელში, სადაც არსებობს განსაზღვრული ჩარჩოები. აზერბაიჯანი კი, მისი თქმით, სხვა პლატფორმის შემოთავაზებას ცდილობს, უკვე შეთანხმებული პრინციპების შესაძლო ნეიტრალიზების მიზნით.

 

ამის შესახებ სომხური მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა.

 

“არ ვართ წინააღმდეგი რომელიმე ფორმატის, თუმცა, წინააღმდეგი ვართ იმ ლოგიკის, რომელსაც ჩვენი გამოყვანა შეუძლია უკვე შეთანხმებული პრინციპების ჩარჩოდან”,- განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

 

რამდენიმე დღის წინ, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მედიატორობის მზადყოფნა გამოთქვა.

 

„საქართველოს ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის იქნება, ფასილიტაციის, თუ ზოგადად მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანია, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავად გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც განაცხადა, რომ ემხრობა საქართველოს, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფასილიტატორის როლს.

 

„დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ. მეორე ომმა, რომელიც მთიან ყარაბაღში მოხდა, გამოიწვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღეს ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით. ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო და ბევრი სხვა მიმართულებით.


მოგეხსენებათ, დღეს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციაც არიან ფასილიტატორების როლში ნორმალიზაციის პროცესში… ნებისმიერ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ჩემი იდეა მდგომარეობას იმაში, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტების თუ გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში. მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს, რომ მზად არის დახმარება აღმოგვიჩინოს ამ საკითხთან მიმართებით და გვთავაზობს მისი, როგორც ფასილიტატორის როლს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად არის და ჩვენ იგივეს ველით სომხეთისგანაც. თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ, შესაბამისი უწყებების საშუალებით, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში”, — განაცხადა ალიევმა თბილისში ვიზიტის დროს 8 ოქტომბერს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები