საზოგადოება

დღეიდან ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია შესაძლებელი გახდა

15.01.24 12:17


საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. „საქპატენტის“ ინფორმაციით, 2024 წლის 15 იანვრიდან შესაძლებელი გახდა ევროპული საპატენტო განაცხადების და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია.

 

„აღსანიშნავია, რომ ევროპის საპატენტო უწყება (EPO), წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ინსტიტუციას. ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 39 ქვეყანა, მათ შორისაა ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო და ასევე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები. გარდა ამისა, გავრცელების სტატუსი გააჩნია ერთ ქვეყანას, ვალიდაციის სტატუსი კი – ოთხ ქვეყანას. დღეიდან საქართველო ვალიდაციის სტატუსით – მე-5, ხოლო რიგით 45-ე ქვეყანა იქნება, სადაც, ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე, საპატენტო დაცვა იქნება შესაძლებელი“,- აღნიშნულია „საქპატენტის“ ინფორმაციაში.

 

მათივე ცნობით, 15 იანვრიდან ევროპულ საპატენტო განაცხადსა და ვალიდირებულ ევროპულ პატენტს ვალიდაციის შეთანხმების შესაბამისად ექნება იგივე იურიდიული ძალა და მათზე გავრცელდება იგივე სამართლებრივი პირობები, როგორიც განსაზღვრულია ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ეროვნული პატენტისათვის.

 

„საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის, რომელმაც ერთი თვის წინ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისივე თქმით, ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ დაახლოებას ევროპულ ბაზართან. ამავდროულად, გაიზრდება საქართველოს ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესაძლებლობაც.

 

გიორგაძე აცხადებს, რომ მომავალში ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრობა გააძლიერებს სამრეწველო საკუთრების დაცვას საქართველოში და ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

 

„საქართველოსთან ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა გაზრდის ევროპული საპატენტო სისტემის მიმზიდველობას და მასზე წვდომას, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს საქართველოში უცხოური ინვესტიციის მოზიდვაზე. ის აგრეთვე შეამცირებს საქმის წარმოების დროსა და ხარჯს განმცხადებლისთვის, ასევე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ადმინისტრაციულ ძალისხმევას, მოიტანს რა სამართლებრივი სიმყარის გარანტიას“, – ნათქვამია ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც უწყების პრეზიდენტის, ანტონიო კამპინოსის ციტატაა მოყვანილი.

 

საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნა შესაძლებელია ყველა იმ ევროპულ საპატენტო განაცხადზე ან საერთაშორისო (PCT) განაცხადზე, რომელიც შეტანილია 2024 წლის 15 იანვარს ან შემდგომ.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები