ეკონომიკა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - რეფინანსირების განაკვეთის შემცირება წაახალისებს ბიზნეს აქტივობას

13.03.24 16:00


საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო სწორი და გონივრული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75% შემცირდა.

 

ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად შეესატყვისება ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირებულ მაჩვენებელს, რომელიც ამ ეტაპზე სამიზნე მიზნობრივ ნიშნულზე, კერძოდ კი 3 %-ზე დაბალია.

 

„მისასალმებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით ადევნებს თვალს როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ასევე მიყვება იმ გლობალურ ტენდენციას, რომელიც 2024 წელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება, თავისთავად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან ერთის მხრივ, იზოგება ხარჯები, რაც ბიზნესის ზრდაში გარდაისახება, მეორეს მხრივ, კი აღნიშნული ქმნის პოზიტიურ განწყობებს და სიგნალს აძლევს ბიზნესს, დამატებით მოიზიდოს საინვესტიციო კაპიტალი. შესაბამისად, ზემოხსენებული გადაწყვეტილება წაახალისებს ბიზნეს აქტივობას, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, გამოიწვევს მეტ დაკრედიტებას და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ ზრდას“, – ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები