საზოგადოება

ფოთის ნავსადგურმა მუშაობა შეწყვიტა

16.12.16 20:00


სამდღიანმა შტორმმა ფოთის ნავსადგურის შესასვლელ არხში ქვა, ღორღი და ბუნებრივი ნარჩენები შეიტანა, რამაც არხის ამოვსება გამოიწვია და წყლის დონემ საგრძნობლად იკლო, – იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

არხის გაწმენდას დამატებითი მიწახაპია სჭირდება, რომელიც ჯერ საქართველოში არ ჩამოსულა.

მისი ტრანსპორტირება რუმინეთიდან ახლა მიმდინარეობს. ნავსადგურის მმართველ კომპანიაში ამბობენ, რომ ვითარების გამოსწორებას დაახლოებით 10–11 დღე დასჭირდება.

„მიწახაპია „ასტრას“ დაახლოებით 10–11 დღე მაინც დასჭირდება დაღრმავების სამუშაოების შესასრულებლად, რათა ამოიღოს 80 000 კუბური მეტრი და არხის სიღრმე გახდეს 9 მეტრი, რაც საშუალებას მისცემს რეიდზე მდგარ ყველა გემს აღადგინოს სატვირთო ოპერაციები“– ნათქვამია ფოთის პორტის მმრთველი კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადამზიდავმა კომპანიებმა ზარალის დათვლა უკვე დაიწყეს. მათი თქმით, ფინანსური პრობლემების გარდა, პროლემები მუდმივ კლიენტებთან ურთიერთობაშიც ექმნებათ. კომპანიები ვარაუდობენ, რომ პორტის მმართველმა ადმინისტრაციამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებები არ გაატარა. „შტორმი მხოლოდ დღეს არ მომხდარა. ეს მრავალი წლის განმავლობაში ხდება. დროული პრევენციული ღონისძიების ჩატარების შემთხვევაში ეს, სავარაუდოდ, არ უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ერთ–ერთი გადამზიდავი კომპანიის მენეჯერმმა აკაკი ჟღენტმა. ფოთის ნავსადგური 1889-1905 წლებში ნიკო ნიკოლაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით აშენდა. ფოთის ნავსადგური ერთ-ერთ მთავარ კვანძს წარმოადგენს ტრასეკასა და სატრანზიტო დერეფნისათვის, რომელიც მოკლე გზით აკავშირებს ევროპას კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. იმისთვის, რომ ფოთის პორტი სანავიგაციოდ გამოსადეგი იყოს წყლის სიღრმე მინიმუმ 9,3 მეტრს უნდა შეადგენდეს. ამ დროისთვის ნავსადგურის შესასვლელი არხის სიღრმე 5 მეტრს არ აღემატება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები