საზოგადოება

საქართველოს პირველმა პირებმა მუსლიმ თემს დღესასწაული მავლიდ ან-ნაბი მიულოცეს

17.12.16 0:15


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მუსლიმ თემს რელიგიური დღესასწაული მავლიდ ან-ნაბი — მუჰამედ შუამავლის დაბადების დღე მიულოცეს.

მავლიდ ან-ნაბი უმეტეს ისლამურ ქვეყანაში აღინიშნება და მუსლიმანური კალენდრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს წარმოადგენს. მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს მორწმუნეები შუამავალს ადიდებენ. „ქვეყნისადმი ერთგულებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეული მუსლიმი თემი მრავალეროვნული ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ერთი გვაქვს წარსული და მომავალიც ერთად უნდა ვაშენოთ. ამიტომ თქვენი სიხარული — თითოეული ჩვენგანის სიხარულია. წარმატებებს, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, — ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

მთავრობის მეთაურმა ასევე უსურვა საქართველოს მუსლიმ თემს მშვიდობა, ჯანმრთელობა, სულიერი სიმშვიდე და კეთილდღეობა.

„მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ქვეყანა, სადაც ასეთი მეგობრობა აკავშირებთ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს. ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ვუერთდები თქვენს ზეიმს“, — ნათქვამია პრემიერის მილოცვაში. ისლამური ტრადიციის მიხედვით, მავლიდ ან-ნაბი მთვარის კალენდრის მესამე თვის რაბი ალ-ავალის მე-12 დღეს აღინიშნება, რომელსაც ისლამში უდიდეს თაყვანს სცემენ. ამ თვეში დაიბადა და გარდაიცვალა ისლამის რელიგიის ფუძემდებელი. მუსლიმი თემი მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს ამ თარიღისადმი მიძღვნილი მთელი თვის განმავლობაში ზეიმობს. თითოეული თემი დამოუკიდებლად წყვეტს, ამ თვის რომელ დღეს გაიმართება საზეიმო დღესასწაული, რომლის დროს მიღებულია შუამავლის ცხოვრების ისტორიების კითხვა, სტუმრად სიარული და საჩუქრების დარიგება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები