ეკონომიკა

საქართველო და ჰონკონგი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

20.01.17 16:30


საქართველომ და ჩინეთის სპეციალურმა ადმინისტრაციულმა ერთეულმა — ჰონგ-კონგმა თბილისში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გამართეს.

ქართულ დელეგაციას მოლაპარაკებებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, საბაჟო პროცედურები, საქონლის წარმოშობის წესები, ინსტიტუციური საკითხები და ვაჭრობაში დაცვითი ზომები.

„მხარეებს შორის შეთანხმება შედგა ყველა ძირითადი მიმართულებით. დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ღია საკითხი, რომელზე შეთანხმებაც სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოხდება“, — აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოს დამატებით 7,3 მილიონიანი ბაზარი გაეხსნება, რაც გაზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, აღნიშნავენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.

ჰონგ-კონგსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას წინ უსწრებდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. მას დამკვირვებლის სტატუსით ჰონგ-კონგის დელეგაციაც ესწრებოდა.

მოლაპარაკებები 2016 წელს წარმატებით დასრულდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის 2016 წლის ოქტომბერში, თბილისში შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% ჩინეთში საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი იქნება. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ქართული პროდუქცია ჩინურ ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი გახდება. საქართველოს მთავრობა ვარაუდობს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა უახლოეს მომავალში, მას შემდეგ შედგება, რაც შეთანხმება გაივლის ექსპერტიზას, ხოლო 2017 წლის შუა პერიოდიდან, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ დოკუმენტის რატიფიკაციის შემდეგ, ამოქმედდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები