საზოგადოება

ანიტა რაჭველიშვილი International Opera Awards 2017-ზეა ნომინირებული

07.02.17 16:55


ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ნომინირებულია პრესტიჟულ საერთაშორისო საოპერო პრემიაზე International Opera Awards 2017.

ქართველი საოპერო შემსრულებელი საუკეთესო მომღერლის წოდების პრეტენდენტია.

რაჭველიშვილის მეტოქეები ნომინაციაში „მომღერალი“ არიან ანა ნეტრებკო (რუსეთი), მარია ბენგტსონი (შვედეთი), სტეფანი დ’უსტრაკი (საფრანგეთი), კრისტიანა კარგი (გერმანია) და დანიელა სინდრამი (გერმანია), იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.

პრემიის ფარგლებში ასევე აირჩევენ საუკეთესო მომღერალ მამაკაცს, რეჟისორს, დირიჟორს, გუნდს, დიზაინერს, ფესტივალს, საოპერო კომპანიას, მსოფლიო პრემიერასა და სხვა.

Opera Awards 2017-ის გამარჯვებულებს 7 მაისს, ლონდონის კოლიზეუმში გამოავლენენ. პრემიის ნომინანტების სრულ ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. Opera Awards 2012 წელს დაარსდა და ის საოპერო სფეროში მოღვაწე ხელოვანებისთვის ტარდება. პირველი დაჯილდოება 2013 წლის 22 აპრილს გაიმართა ფონდის ეგიდით, რომელიც მეცენატმა და ოპერის მოყვარულმა ჰარი ჰაიმანმა და ჟურნალ „ოპერის“ მთავარმა რედაქტორმა ჯონ ელისონმა დააფუძნეს. პრემიის დამფუძნებლების მთავარი მიზანია დამწყები და გამოჩენილი საოპერო მომღერლების მხარდაჭერაა. ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.

საქართველოში რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა „რიგოლეტოში“ მადალენასა და ჩაისკოვსკის „ევგენი ონეგინში“ ოლგას პარტიებს ასრულებდა.

2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას“ თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.

ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წლის 7 დეკემბერს გახდა, როდესაც „ლა სკალას“ სეზონის გახსნაზე „კარმენში“ მთავარი პარტია შეასრულა (ხოსე — იონას კაუფმანი, რეჟისორი — ემა დანტე, დირიჟორი — დანიელ ბარენბოიმი). მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა ევროპულ სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა. 2011 წელს რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში“ შედგა, სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ფ. ჩილეას ოპერაში „ადრიანა ლეკურერი“. მრავალ პარტიათა შორის, მის რეპერტუარშია მთავარი პარტიები როსინის ოპერიდან „იტალიელი ალჟირში“ და გლუკის „ორფეოსი და ევრიდიკედან”.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები