საზოგადოება

სტუდენტებს საქართველოდან უნგრეთში სწავლას დაუფინანსებენ

10.02.17 21:55


საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2017-2018 წლებში უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობაზე კონკურსი გამოაცხადა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსთან ახალ საპროექტო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც ქართველი სტუდენტების 2017-2020 წლებისთვის უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამებში ჩართვას ითვალისწინებს. უნგრეთის მთავრობის სტიპენდია Stipendium Hungaricum 2013 წელს დაარსდა. ამ პროგრამის ფარგლებში 50 ქართველი სტუდენტი შეძლებს დაფინანსების მიღებასა და სწავლას უნგრეთის უმაღლეს სასწავლებლებში შემდეგ მიმართულებებზე: STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა), სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სამედიცინო, სპორტისა და ხელოვნების დარგები.

სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსს, უზრუნველყოფილი იქნებიან საერთო საცხოვრებლით ან ბინით (გამოეყოფათ ბინის დაქირავების თანხა), ყოველთვიური სტიპენდიითა და სამედიცინო მომსახურებით.

უნგრეთში სწავლის გაგრძელების მსურველების განაცხადებს განიხილავს და შეაფასებს განათლების ცენტრის საერთაშორისო კომისია. განხილული იქნება მხოლოდ ის ანკეტები, რომლებიც ატვირთული იქნება განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე. კონკურსის გამარჯვებულებს ივნისის დასასრულს გამოავლენენ.

პროგრამის მიზანია – სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება.

ცენტრი შესაძლებლობას იძლევა, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ საუკეთესო საერთაშორისო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება შეძლონ სამშობლოში.

მსურველებმა ელექტრონული განაცხადები უნდა გაგზავნონ 2017 წლის 9 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით პერიოდში. დამატებითი კონსულტაციების მიღება კონკურსთან დაკავშირებით შესაძლებელია საერთაშორისო განვითარების ცენტრში. საერთაშორისო განვითარების ცენტრი 2014 წელს დაარსდა. მისი მიზანია განათლების ხარისხის გაზრდისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გზით ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაში წვლილის შეტანა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები