საზოგადოება

მერიამ გარემოვაჭრეებისგან ვაგზლის მოედნის ტერიტორია გაწმინდა

05.04.17 17:55


ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო კონსტრუქციების დაშლისას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას, დახლების ქვეშ გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს.

საუბარია ხორცზე, ყველსა და კვერცხზე, რომლებსაც მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე თევდორე მღვდლის ქუჩაზე ყიდიდნენ. "აღსანიშნავია, რომ პროდუქტები ნორმების ყოველგვარი დარღვევით ინახებოდა", — აღნიშნულია მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები დღეს გაიტანეს. ამის შემდეგ ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა.

უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს. მერია შეუთანხმდა თბილისის ბაზრების ასოციაციას, რომ გარემოვაჭრეები ნახევარი წლის განმავლობაში დედაქალაქის ბაზრებში შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ.

საქართველოში ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსით, სათანადო ნებართვის გარეშე გარევაჭრობა ისჯება 20–დან 50 ლარამდე ჯარიმით.

თუ გარემოვაჭრე პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ის 50 ან 100 ლარით დაჯარიმდება, ან 7–დღიანი პატიმრობა მიესჯება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები