საზოგადოება

საქართველოს სამედიცინო განათლებამ, შესაძლოა, საერთაშორისო აღიარება მიიღოს

10.04.17 19:20


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა 2023 წლამდე მიაღწიოს იმას, რომ ქვეყანაში მიღებულ სამედიცინო განათლებას საერთაშორისო აღიარება ჰქონდეს, აღნიშნულია უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვივნენ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტი, პროფესორი დევიდ გორდონი და ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი სიობჰან ფიცპარტიკი. ისინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობას გაეცნენ და სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის პერსპექტივები განიხილეს.

განათლების სამინისტრო გულდასმით იმუშავებს იმაზე, რათა ქართული ორგანიზაცია, რომელიც სამედიცინო პროგრამებს ახორციელებს, აკმაყოფილებდეს WFME-ს სტანდარტებს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს მოიპოვოს ფედერაციის აღიარება, რაც საშუალებას მისცემს განახორციელოს სამედიცინო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

WFME-ს პრეზიდენტმა დაწესებულების წარმომადგენლებს, რომლებიც სამედიცინო განათლების პროგრამებს ახორციელებენ, გააცნო მათი პროფილისთვის დადგენილი მოთხოვნები და სამომავლო ტენდენციები, რომლებიც ამ სფეროში გამოჩნდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი და ლუგარის სახელობის ლაბორატორია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები