საზოგადოება

თბილისის ზოოპარკს აფრიკული პინგვინები შეემატებიან

11.04.17 19:15


თბილისის ზოოპარკს ბრისტოლის ზოოპარკისგან (დიდი ბრიტანეთი) საჩუქრად გამოგზავნილი 19 აფრიკული პინგვინი შეემატა, ამის შესახებ თბილისის ზოოლოგიური პარკი თავის Facebook გვერდზე იტყობინება.

თბილისის ზოოპარკისათვის ახალი ბინადრების გადმოცემის ცერემონია სამშაბათს საღამოს შედგება და მას დაესწრებიან ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე და თბილისის საპატიო მოქალაქე დერეკ პიკაპი, ბრისტოლის ზოოპარკის განვითარების დირექტორი რიჩარდ როლინგსი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი. თბილისთან დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ზოოპარკმა თბილისის ზოოპარკისთვის აფრიკული პინგვინების ჩუქება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ბრისტოლსა და თბილისს დაძმობილების 30 წელი უსრულდებათ.

აფრიკული პინგვინების მისაღებად ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ძველი პინგვინარიუმი, მოეწყო დამატებითი სივრცე და ქვიშიანი სანაპირო, გაკეთდა ახალი თავშესაფრები და საბუდრები.

„აფრიკული პინგვინების ჩამოსვლას მოუთმენლად ელოდა ყველა. წყალდიდობამდე ზოოპარკში გვყავდა „ლივინგ ქოსთსის“ ზოოპარკის ნაჩუქარი პინგვინები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ შევძელით. და აი, ისინი კვლავ დაგვიბრუნდნენ. აფრიკული პინგვინები სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში არიან გავრცელებულნი, შესაბამისად საქართველოს ჰავა სრულად ესადაგება მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს. აფრიკული პინგვინების მიღება ჩვენთვის დიდი პატივია, რადგან ეს სახეობა გადაშენების პირასაა და სპეციალურ პროგრამაშია ჩართული“, — აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები